ბაჩკოვოს მონასტერში საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ბულგარეთში, ბაჩკოვოს მონასტერში, რომელიც მე-11 საუკუნეში დაარსდეს ქართველმა ძმებმა ბაკურიანებმა, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღის, საქართველო – ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი და ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე დასასწრებად, ბულგარეთს სპეციალურად ეწვია გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, რომელმაც ბაჩკოვოს მონასტერში ქართულ ენაზე აღავლინა წირვა.
გარდა ამისა, ბაჩკოვოს მონასტრის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა სიონიმ და მიტროპოლიტმა ანდრიამ, აღავლინეს ერთობლივი ლოცვა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს.
მოგვიანებით, სტუმრებს საშუალება მიეცათ მოესმინათ ასურელი სქიმარქიმანდრიტი სერაფიმესა და მისი მრავალხმიანი მგალობელთა გუნდის მიერ ქართულ და არამეულ ენაზე შესრულებული გალობისთვის.
ღონისძიება აგრეთვე მოიცავდა ტურს, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ მონასტრის ისტორიას, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს.
„ღონისძიებას ესწრებოდნენ, ბულგარეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბულგარეთის წმინდა სინოდის წევრები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ქართული დიასპორა.
აღნიშნული ღონისძიების განხორციელება შესაძლებელი გახდა, ბაჩკოვოს მონასტრის წინამძღვრის და ქართული დიასპორის მხარდაჭერის შედეგად“, – ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.