ელისაბედ ბაგრატიონი -კავკასიაში ერთ-ერთ პირველი ქალი მეცნიერი
ელისაბედ ბაგრატიონი-ორბელიანისა მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი ქალი მეცნიერი და ქველმოქმედია.
ელისაბედი დაიბადა 1871 წლის 25 ნოემბერს, თბილისში. ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით „საზანდარი”. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ისა (მამის მხრიდან) და ჭავჭავაძის (დედის მხრიდან) შთამომავალი. 12 წლის დედასთან და დასთან ერთად, საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად.
განათლება პარიზში მიიღო. ერთხანს ცხოვრობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ლექსებს ფრანგულად წერდა. 1895 წელს სამშობლოში დაბრუნდა. 1898 წლის 11 ოქტომბერს დაქორწინდა მამუკა ივანეს ძე ორბელიანზე.
1919-1920 წლებში რედაქტორობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს „თავისუფალ საქართველოს”, „საქართველოს რესპუბლიკას” ფრანგულ ენაზე და „საქართველოს მოამბეს” ინგლისურ ენაზე. წერდა და ამ გაზეთებში აქვეყნებდა საკუთარ ლექსებს.
ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველ კლასიკოსთა პოეზია. მათ შორის, ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა შემოქმედება.
1918 წელს პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტი, სადაც სტუდენტებს საბუთების შეტანა შეეძლოთ, უცხო ენები იყო. მის ლექტორად უნივერსიტეტის საბჭომ მოიწვია კავკასიაში ერთ-ერთ პირველი ქალი მეცნიერი – ელისაბედ ბაგრატიონი-ორბელიანისა.
ელისაბედი კითხულობდა ფრანგულისა და ინგლისური ენების კურსს. პირველი უნივერსიტეტის დაარსების დღეს შეკრებილ საზოგადოებას მან ასე მიმართა:
„ბატონებო! დიდი მღელვარებით აღსავსე გამოვდივარ თქვენს წინაშე, რადგანაც გათვალისწინებული მაქვს ამ წუთის სიდიადე და განსაკუთრებით ვაფასებ იმ პატივს, რომელიც წილად მხვდა მე.
ვხსნით ჩვენს საკუთარ უნივერსიტეტს და ამით ხელახლა ვნასკვავთ ჩვენი ძველი კულტურის შეწყვეტილ ძაფს.
აღმოსავლეთის მზეზე გაბრწყინებული კულტურა უფრო მშვენიერდება დასავლეთის აზრებთან დაახლოებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარვართ. ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში რომი გვიგზავნიდა მისიონერებს. მე-15 საუკუნეში ჩვენ ვუახლოვდებით საფრანგეთს… უკანასკნელმა ასმა წელმა ძალაუნებურად დაგვაშორა საფრანგეთის აზროვნების თავისუფალ აღორძინებას. ახლა საჭიროა დაკარგული დროის მოგებაც.
ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, რომ მოვალეობად მარგუნეს თქვენ ფრანგული შეგასწავლოთ, რათა ენის საშუალებით გაეცნოთ, იგემოთ მისი გენიოსების ნაწერები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საფრანგეთის 1789 წლის წყალობითაა, რომ 1918 წელს გვაქვს თავისუფალი ქართული უნივერსიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აზრი თქვენც გიწინამძღვრებთ და აღგაფრთოვანებთ“.