საქართველო ITB Berlin 2023 – ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ორგანიზატორებმა საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გამართეს.

ღონისძიება ITB Berlin 2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შესახებ გაიმართა. პრეზენტაციაზე ITB Berlin-ის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილე ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს 2023 წელს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს, ასევე დეტალურად განიხილეს თუ რა სარგებელი იხილა ტურიზმის ზრდის მიმართულებით ყოფილმა მასპინძელმა ქვეყნებმა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“ბერლინის ტურისტულ გამოფენაში ამ სტატუსით მონაწილეობა ნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე გამორჩეული იქნება. გამოფენის ფართობი 160 ათასი კვ. მეტრს შეადგენს და ჩვენ ყველგან გვექნება საქართველოს შესახებ პოსტერები, შესრულდება ქართული მუსიკა. ყველას მიეცემა საშუალება გაეცნოს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. ვფიქრობ ეს გამოფენის დამთვალიერებლებს გაუჩენს სურვილს იმოგზაურონ საქართველოში, რადგან საქართველო მართლაც ძალიან ლამაზი ქვეყანაა“,-აცხადებს ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნების კოორდინატორი რიკა ჟან ფრანსუა

მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.

მასპინძელი სტატუსის მინიჭებით საქართველო საერთაშორისო მედია კამპანიებში იქნება ჩართული, რაც ონლაინ, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიას მოიცავს.

„საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია ბუნებით, ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც აღმოუჩენელია მისი იდუმალი სამყარო. სწორედ ამიტომ შეირჩა საქართველო და ვფიქრობ მომავალ წელს ბერლინის გამოფენაზე საქართველო დიდ ნახატს შექმნის, რომელიც განთავსდება მსოფლიო სცენაზე, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს უდიდეს ტურისტულ პოტენციალს. ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო კავშირები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ქუთაისის ახალი აეროპორტიდან სრულდება პირდაპირი ავიარეისები. დარწმუნებული ვარ ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა“,-აცხადებს ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი დევიდ რუეთზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები