გურიას ტუროპერატორები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ბლოგერები ეწვივნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებებისთვის ინფოტურებს აგრძელებს. ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გურიას ტუროპერატორები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ბლოგერები ეწვივნენ.

„ტურის მონაწილეებმა სოფელ ბუკისციხეში ადგილობრივი მარანი დაათვალიერეს და ჩხაველის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო დააგემოვნეს, მოინახულეს სოფელი გორაბერეჟოულში მდებარე ერისთავების ციხე-დარბაზი და ციხის გარშემო გაშენებული დენდროლოგიურ პარკს ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა ჯიშის იშვიათი მცენარეებია.

გრიგოლეთში ტურის მონაწილეებმა ახალი სასტუმრო „გრიგოლეთი რეზორტი“ დაათვალიერეს. 60 ნომრიანი სასტუმრო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაფინანსდა. სასტუმრო საერთაშორისო ბრენდ Trademark Collection by Wyndham-ს ეკუთვნის.

ტურის მონაწილეებისთვის სოფელ ხიდისთავში კულინარიული მასტერკლასები გაიმართა. სოფელ ბახვში საოჯახო ბიო საწარმო დაათვალიერეს, მონაწილეობა მიიღეს ჩაის კრეფასა და დეგუსტაციაში. სოფელ ვაკიჯვარში დაათვალიერეს საკალმახე მეურნეობა და ტურისტული ბანაკი.

ტურის ფარგლებში მონაწილეებმა ოზურგეთში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმი დაათვალიერეს, სოფელ შემოქმედში ესტუმრნენ მარანს, ასევე დაათვალიერეს შეკვეთილთან ახლოს მდებარე წვერმაღალას პარკი“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტურის მიზანია ტუროპერატორები გურიის ტურისტულად ნაკლებად ცნობილ მარშრუტებს გაეცნონ და მოგზაურებს ახალი ტურისტული ლოკაციები შესთავაზონ, აგრეთვე „ჩაის გზის“ პროექტის მხარდაჭერა და ადგილობრივი საოჯახო მარნებს პოპულარიზაცია.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტუროპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის, “GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები