„ეს სერია არის ქაღალდის ყვავილებზე, რომლებითაც ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები იწონებდნენ თავს ფოტოგრაფების წინ”

20 მაისს 18:00 საათზე მწერალთა სახლში მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაგოშას გამოფენა „არტისტული ყვავილები“ გაიხსნება. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

ფერწერული ტილოების ახალ სერიას გაგოშა ასე ახასიათებს: „ეს სერია არის ქაღალდის ყვავილებზე, რომლებითაც ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები იწონებდნენ თავს ფოტოგრაფების წინ, და ეს სერია არის გვირგვინის ყვავილებზეც, რომლებიც ეკუთვნოდნენ გიჟ მეფეს. ეს სერია არის არშობილ ყვავილებზეც, რომლებიც ხმელი წიფელის ტოტებმა ვერ გაშალეს, და დიდი ქალაქის ყვავილებზე, რომლებსაც შავი ყორანი ჭამს; ასევე სიჩუმის ყვავილებზე, რომლებიც პოეტმა მხოლოდ კოსმოსში შეიძლება დაკრიფოს და სხვა ყვავილებზეც, რომლებსაც ზრდიდნენ პოეტები საკუთარ თავში.“

15-20 მაისს მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მუზეუმის დავით სარაჯიშვილის მუზეუმი და რეპრესირებული მწერლების ექსპოზიცია გამოფენების, ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფართო ჩამონათვალს სთავაზობს ისტორიითა და სამუზეუმო სფეროთი დაინტერესებულ დამთვალიერებელს.

ამავდროულად, კვირეულის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება დავით სარაჯიშვილის მუზეუმის ფონდის საზოგადოებისთვის უცნობი ექსპონატები. 18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით 1977 წლიდან მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. გამოფენა გაგრძელდება 27 მაისის ჩათვლით.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები