“ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ 14 მაისს გაიმართება

“ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ წელს 14 მაისს გაიმართება. ფესტივალს, ტრადიციულად, მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს. ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო.

ახალი ღვინის ფესტივალი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ფესტივალზე იგეგმება დიდი საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. როგორც ყოველთვის, ფესტივალზე დასწრება უფასოა. ახალი ღვინის ფესტივალი 2022 მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2021 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას გპირდებათ.

ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა. 2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან.

ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

“ფესტივალი 2022 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ. ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვა” – ნათქვამია “ახალი ღვინის ფესტივალის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები