მზიურის პარკში პოლონურ – უკრაინული ანსამბლის „Wernyhora“ კონცერტი გაიმართა
2022 წლის 2 მაისს პოლონურ – უკრაინული ტრადიციული მუსიკის ანსამბლ Wernyhora-ს კონცერტით, რომელიც ერთობლივად იყო ორგანიზებული პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის საელჩოების მიერ საქართველოში, 1791 წლის 3 მაისის პოლონეთ-ლიეტუვის თანამეგობრობის კონსტიტუციის იუბილე აღინიშნა. კონცერტი მზიურის პარკის ამფითეატრში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.
კონცერტის გახსნაზე საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ბატონმა ანდრიუს კალიდნრამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც აღნიშნა ღონისძიების მნიშვნელობა – პირველი ევროპული კონსტიტუციის მიღება, იმ ღირებულებებისა და პრინციპების დამკვიდრება, რომლებიც დროს უსწრებდა – დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღება, ინკლუზიურობა, კანონის უზენაესობა, თავისუფლებისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი ერთგულება და საერთაშორისო სამართლის უპირატესობა.
აღნიშნა რა, რომ 1791 წლის კონსტიტუცია იმ დროს ასევე მიზნად ისახავდა რუსეთის იმპერიის ნეგატიური გავლენის შეზღუდვას იმ ეპოქის თავისუფალ სამყაროზე, ელჩმა გამოხატა ლიეტუვის ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ განაცხადა ლიეტუვის ერთგულების შესახებ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული მომავალისადმი.
ელჩმა ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას, პოლონეთის ელჩს მარიუშ მასკევიჩს და პოლონური ინსტიტუტის დირექტორს ბ-ნ ლეხ კონჩაკს მშვენიერი ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული ძალისხმევისთვის.