გმირული ისტორიის უკანასკნელი ცოცხალი მოწმე – 97 წლის გივი ვარდანაშვილი

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი დავით ხვადაგიანი სოციალურ ქსელში 97 წლის გივი ვარდანაშვილის შესახებ წერს: „ის არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და გმირული ამბის უკანასკნელი ცოცხალი მოწმე“…

„ფოტოზე თქვენ ხედავთ 97 წლის გივი ვარდანაშვილს, ის არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და გმირული ისტორიის უკანასკნელი ცოცხალი მოწმე, მისი ძმა იყო სტუდენტი დიმიტრი ვარდანაშვილი, დიმიტრის ამბავი დღეს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანებისთვის არის ცნობილი..

ქუთაისელმა სტუდენტმა სრული საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში გააცნობიერა, რომ მისი სამშობლო ოკუპირებული იყო და შეგნებულად დაიწყო ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. პირველად 1934 წელს გააკრა პროკლამაციები ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, კიროვის მკვლელობის სამგლოვიარო ღონისძიებების საპასუხოდ. გივი ამ დროს 9 წლის იყო და ახსოვს ძმა, მათი ძველი ხის სახლის სხვენში, როგორ ბეჭდავდა არალეგალურად ნაშოვნი საბეჭდი მანქანით ამ პროკლამაციებს, ისიც ახსოვს როგორ აკითხავდნენ თბილისიდან საიდუმლოდ თანამებრძოლები, მასზე უფროსი ადამიანები..

1935 წელს დიმიტრი თბილისში, სამედიცინო ინსტიტუტში გადმოდის და კვლავ აგრძელებს არალეგალურ მუშაობას, თანამოაზრე სტუდენტებთან ერთად განზრახული ჰქონდა 1937 წლის 26 მაისს დემონსტრაციულად აღენიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თუმცა ორგანიზაცია ჩავარდა და 25 მაისს სტუდენტური არალეგალური ჯგუფი დააკავეს..

დიმიტრიმ არ უარყო, რომ სძულდა საოკუპაციო რეჟიმი და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძოდა, თუმცა თანამებრძოლების გადასარჩენად ჩვენება მისცა, რომ მხოლოდ თვითონ მუშაობდა არალეგალურად და მეგობრები ვერ გადაიბირა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. მას რევოლვერი, საბეჭდი მანქანა და “მენშევიკური არალეგალური ლიტერატურა” აღმოუჩინეს. დიმიტრი 1937 წლის 20 სექტემბერს დახვრიტეს 21 წლის ასაკში, დანარჩენები ხანგრძლივი ვადით გადაასახლეს..

მამამ, რომელიც პედაგოგი და სკოლის დირექტორი იყო, დანარჩენი ოთხი შვილის გადასარჩენად დიმიტრის ფოტოები, ნივთები გაანადგურა და შვილებიც გააფრთხილა ძმაზე არასდროს, არსად არ ესაუბრათ.. გივიმ, ძმის უკანასკნელი ფოტო, რომელიც დაპატიმრებისას გადაუღეს და დღემდე “კა გე ბეს” არქივშია, 85 წლის შემდეგ ნახა .. ძმის სახე აღარ ახსოვდა.. დროის დინებამ და თითქმის საუკუნის სიშორემ მოგონებები გააფერმკრთალა ..

ქუთაისში ვისი სახელობის ქუჩები აღარაა, ქარხნების დირექტორებიდან დაწყებული, ანეკდოტების პერსონაჟებით დამთავრებული.. ვის სახეს არ შეხვდებით საჯარო სივრცეში, რაც არაფერს არ გეუბნება, არაფერს არ გასწავლის.. ნამდვილი გმირის და თავისუფლებისთვის მებრძოლის სახელი არავის არ გაუგია და კიდევ გვიკვირს, რატომ გვჭირს ამდენი უბედურება, რატომ და ათასი რატომ…

გივის დავპირდი, თქვენი სახელითაც, მიხვდებით ვისაც გგულისხმობთ, რომ მალე დადგება დრო და ყველა გაიცნობს ნამდვილ გმირს, მისი სახელიც ქუთაისის ყველაზე დიდ და ხალხმრავალ ქუჩას დაერქმევა და მომავალი თაობები სკოლაში ისწავლიან თავისუფლებისთვის მებრძოლი და დაღუპული დიმიტრი ვარდანაშვილის გასაოცარ ისტორიას“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები