თბილისს ამერიკელი მწერალი ერიკ ლი ეწვევა

ამერიკელი მწერალი და მკვლევარი ერიკ ლი ერთი თვით თბილისს ეწვევა. მწერალთა სახლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, „ილიაუნის“ ფინანსური მხარდაჭერით ის იცხოვრებს მწერალთა სახლის რეზიდენციაში და იმუშავებს ბოლშევიკური ტერორის დროს რეპრესირებული ქართველი ავტორების თემაზე. ინიციატივა უკავშირდება რეპრესირებული მწერლების მუზეუმს, რომლის გახსნაც სექტემბერში იგეგმება მწერალთა სახლში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

2022 წლის 17 მაისს, 14:00-დან 18:00 საათამდე მწერალთა სახლში ერიკ ლის სემინარი გაიმართება თემაზე – “ისტორიული პროზა: რატომ და როგორ ვწერ”

თბილისში ვიზიტის განმავლობაში ერიკ ლის გადაეცემა ილიაუნის საპატიო დოქტორის ხარისხი და ის ჩაატარებს რამდენიმე შეხვედრას, მათ შორის შეხვედრას მკითხველთან თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში და  სემინარს დოკუმენტური და ისტორიული პროზის ავტორებისთვის.

25 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღთან დაკავშირებით ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ერიკ ლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე ”Why the Georgian Experiment Matters” (რატომ იყო მნიშვნელოვანი ქართული ექსპერიმენტი).

ერიკ ლი მრავალი სტატიის, წიგნისა და კვლევის ავტორია; ის იკვლევს მე-20 საუკუნის ისტორიას; საქართველოზე  გამოქვეყნებული აქვს ორი წიგნი: „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ (The Experiment, Georgia’s Forgotten Revolution), 2018 და “ქართული ამბოხი ტექსელზე  – ბოლო ბრძოლა ევროპაში” (Night of the Bayonets: The Texel Uprising and Hitler’s Revenge, April-May 1945), 2020. მთარგმნელი ქეთი ქანთარია, გამომცემლობა Poezia Press („ზიარი“).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები