„განსაკუთრებით ახარებს სიკეთე – კიდევ უფრო – სხვისი კარგი„ – გრიგოლ რობაქიძე დავით კლდიაშვილზე

გრიგოლ რობაქიძე დავით კლდიაშვილის შესახებ:

ქუჩაში მიდის მომცრო ტანის მოხუცი, პალტო აცვია სამხედრო (ნუ თუ ამდენ ხანს არ დაცვდა მუქლუში მაუდი?) თავზე-რუსული ქუდი, მხარბეჭზე-მოთეთრო ყალაბახი. მიდის მოხუცი უჯერო ნაბიჯით, ხანდახან განზე გადაქანდება, მაგარი ქარი რომ ამოვარდეს, წააქცევს კიდეც ამ პატარა ტანს. მოხუცს ხელში კარგა მოზრდილი ჯოხი უჭირავს.

შეგხვდება და სალამს აძლევ. მოხუცი მწყრალად შემოგხედავს, სათვალეს ისწორებს. ალბათ თვალებს თუ უწყრება: კარგად ვეღარ იხედება მოხუცი. შედგება. სახე თითქოს ნამტირალევი აქვს. უეცრად გამოგიცნობს ხმაზე და მის სახეს სიხარული ეფინება. მისი შეთეთრილი სახე ამ წამს მზეა თქორში. გაგონდება ქართული თქმა გენიალური:მზე პირს იბანს.

დავით კლდიაშვილი სალამს არ დაგჯერდება: მოგჭიდებს ხელს ხელში და წამსვე იწყებს გულის გადაშლას. მას აქვს პათოსი გრძნობის გაზიარების. გითხრობს ყველაფერს, რაც კი ამ დღეებში უგვრძია. განსაკუთრებით ახარებს სიკეთე. კიდევ უფრო-სხვისი კარგი. უსმენ ამ გულს და გიყვარს სიცოცხლე. ხედავ მინდიას, მთებიდან ბარში ჩამოსულს. “უცნოურია” – ამბობს დავითი რომელიმე ამბავზე (ამ სიტყვას იგი იმერული გამოთქმით ამბობს). შენც უსმენ ამ “უცნოურს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები