“მთელი ჩემი არსებით მჯერა იქნება, იქნება, აუცილებლად კიდევ იქნება აღდგომა..”

ნაწყვეტი გოდერძი ჩოხელის მოთხრობიდან “ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა აღდგომა”

„ამ ხნის კაცი ვარ და ჯერ არ მინახავს, რომ ამოდენა თბილისში, ამდენი ხალხი რომ მიდი-მოდის, ვინმეს ფეხქვეშ მიწა ჩანგრეოდეს და მიწაშე ჩავარდნილიყოს. მაინცდამაინც მაგ საწყალ მთის ბიჭს ჩაენგრა ფეხქვეშ მიწა და ვინ იცის, რა შიში ჭამა. ეს ჩემი პირადი თხოვნაა თქვენდამი, რომ დავუნიშნოთ ლენინური სტიპენდია, – ასე უთხოვია მათთვის ბატონ საშას, ახლა უკვე ჩემს ძია საშას. კომკავშირის „ცეკელებისაგანაც“ ძია საშამ დამიხსნა. რაკი ლენინური სტიპენდიანტი ვიყავი, უნდოდათ დავალებები მოეცათ და ინსტიტუტში მომადგნენ წასაყვანად.

– ვერ გამოვუშვებ! – მკაცრად განუცხადა ძია საშამ.

– რატომ?! – გაუკვირდათ იმათ.

– რეპეტიციები აქვს, როლს თამაშობს.

– რა როლს? – დაინტერესდნენ.

– მეცხვარის როლს! – არ დაიბნა ძია საშა.

– რა პიესაა?

– აღდგომა! – ეს სიტყვა რატომღაც დამარცვლით უთხრა ძია საშამ.

ისინი ნაწყენი სახეებით წავიდნენ.

ძია საშაც წავიდა ამ ქვეყნიდან – და ახლა, როცა ძალიან მომენატრება, სულეთის ქვეყნისაკენ მივაპყრობ ხოლმე გულისყურს და მაშინ, თითქოს ცხადში, ისე ვხედავ ძია საშას: თან მიღიმის, თან თითს მიქნევს და რაღაცას მეძახის მკაცრი ტონით იქიდან. ალბათ მაიმედებს – ყოჩაღად იყავი, ჩემო მეცხვარე ბიჭო, არ ჩაუმუხლო წუთისოფელს!

– და მისი შემხედვარე, მეც იმწუთას ვმხნევდები, აღარ მეშინია, რომ კიდევ ჩამენგრევა ფეხქვეშ მიწა; ვიცი, თუ ასე მოხდა, ჩემი ძია საშა იმდენს შესძლებს, იქიდანაც მოახერხებს და მისი სულის ნათელი დამეხმარება აქ, თანაც მჯერა მთელი სულით და გულით, მთელი ჩემი არსებით მჯერა იქნება, იქნება, აუცილებლად კიდევ იქნება აღდგომა..”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები