თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ეროვნული პავილიონი დღეს იხსნება

თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი დღეს იხსნება. გამოფენაზე საქართველოდან წარმოდგენილია კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე“, რომლის წარმდგენი ორგანიზაციაა ა(ა)იპ ,,მდგომარეობებს შორის”

“მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისში მცხოვრები და მომუშავე მხატვრების, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია. ეს არის მულტიმედიური პროექტი, რომელიც მოგვითხრობს დასასრულის წინათგრძნობაზე და დიდი ზომის ვიდეო ინსტალაციის და VR (ვირტუალური რეალობის) გამოცდილების საშუალებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. VR გამოცდილების ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია, რომელიც ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ მცენარეებს აერთიანებს. აჩრდილების ბაღი, ეკოლოგიური კრიზისი, წარმოდგენილია, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. ვიდეო ნამუშევარში ვიზუალური რიგითობა წინასწარ განსაზღვრული არ არის და თვითგენერირებადია. ვიდეო – თამაშის პლატფორმაზე აწყობილი VR გამოცდილება ინტერაქციულია. “მე ვწუხვარ ბაღზე” მაყურებელს თხრობის მითო-პოეტური ფორმებით მოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს” – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.

ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 27 ნოემბრამდე გასტანს. 59-ე ბიენალეს კურატორია სესილია ალემანი, საერთაშორისო გამოფენის თემა და სახელწოდებაა „რძე სიზმრებისა“.

კულტურის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული პავილიონის მოსაწყობად საგამოფენო სივრცე ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე შეარჩია (132 კვ.მ., მისამართი: Fondamenta S. Biagio, 800/o, 30133 Venezia VE, Italy), რომელიც 13 აპრილიდან 1-ელ დეკემბრამდე საქართველოს განკარგულებაში იქნება.

როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველად, ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ქართველი ახალგაზრდებისათვის. პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდა ხელოვანების შესარჩევად კულტურის სამინისტრომ კონკურსი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც რეზიდენციის 5 მონაწილე გამოვლინდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები