„არცერთი წამით მავიწყდება, რომ ქართველი ვარ“- ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსის ამბავი

ეს ისტორიაა იმ ადამიანის, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, საკუთარ თავს არ ღალატობს. მუსიკოსი და პროფესიონალი პედაგოგი, ეკა ჩიჩუა, ქართულ საქმიანობას ამერიკაშიც წარმატებით აგრძელებს.

მუსიკა მისი ცხოვრების მეგზური თავიდანვე გახდა. ჯერ ჩააბარა ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სასწავლებელს წარმოადგენდა. ბავშვები იქ შემთხვევით არ ხვდებოდნენ. ამის შემდეგ, მის ცხოვრებაში იყო ცნობილ საბავშვო მუსიკალურ ანსამბლში „ნერგები“ გატარებული წარმატებული და ბედნიერი წლები. 

საქართველოში სამი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, ასპირანტურაშიც ისწავლა და ამით პროფესიული განათლება საბოლოოდ სრულყო. ერთი პერიოდი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროშიც იმუშავა, ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელიც იყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეუღლესთან ერთად, სამი წლის წინ ჩავიდა. ემიგრაციაში ღირსეულად გაიარა ყველა ის სირთულე და დაბრკოლება, რაც უცხოეთში ჩასულ ადამიანს ელოდება. დღეს, ნიუ-იორკში არსებულ ქართული კულტურის ცენტრში „Dancing Crane Company“ მუშაობს. ბავშვების ანსამბლი დააარსა და პატარებს ეროვნულ მუსიკალურ ტრადიციებს აზიარებს. უფრო სრულად მისი ცხოვრების ამბავს მასალიდან შეიტყობთ.

– ქალბატონო ეკა, მუსიკას რომ დაუკავშირებდით მომავალს, თავიდანვე იყო განსაზღვრული. ასეთი არჩევანი ოჯახურმა ტრადიციებმა განაპირობა თუ საამისოდ სხვა მიზეზიც არსებობდა?

– არ ვიცი, ამას სიტყვა ტრადიცია რამდენად მიესადაგება, მაგრამ ფაქტია, რომ დედის მხრიდან ყველანი, სიმღერისა და ცეკვის ნიჭით არიან დაჯილდოებული. მუსიკალურ ხელოვნებას ისინი პროფესიონალურ დონეზე ფლობენ. მამის მხრიდან ჩემი ბაბუა, ვლადიმერ ჩიჩუა, მუსიკოსი გახლდათ. როგორც ჩანს, გენები თავისას აკეთებს და უკვალოდ არ ქრება. როცა დედა და დეიდა დარწმუნდნენ იმაში, რომ მუსიკალური ნიჭი მქონდა, ამიტომ ყურადღება განათლების მიღების კუთხით, მუსიკასა და ვოკალზე გაამახვილეს.

ეკა ჩიჩუა კულტურის სამინისტროში

– იმ პერიოდში, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვები ნიჭიერთა  ათწლედში აბარებდნენ, როგორ გახსენდებათ იქ სწავლის წლები?

– საერთოდ, სწავლის პერიოდი ყველა ბავშვისთვის რთულია, რადგან მისგან დიდ შრომას და გულისხმიერებას მოითხოვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მუსიკალური გემოვნება სწორედ ათწლედში ყოფნის დროს ჩამოყალიბდა. ამ თვალსაზრისით, დიდი როლი შეასრულეს სასწავლებლის პედაგოგებმა, რომელთა ამაგი დაუვიწყარი და შეუფასებელია. რაც მთავარია, მუსიკალურ სასწავლებელში ყოფნის წლებმა შემძინა გამოცდილება, რაც შემდეგ პროფესიის არჩევაში დამეხმარა. ცალკე საუბრის თემაა ზ.ფალიაშვილის მუსიკალურ სასწავლებელში მიღებული გამოცდილება და კორიფე-პედაგოგებთან ურთიერთობით განცდილი სიამოვნება.

ეკა ჩიჩუა გაკვეთილზე

– ცნობილი „მზიურის“ შემდეგ, საესტრადო სცენაზე გამოჩნდა ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი ,,ნერგები”, როდის და როგორ მოხვდით ამ ანსამბლში?

– ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი წლებია. ხუთი წლის ვიყავი, როცა დეიდამ რადიოში მოისმინა ინფორმაცია ერთ კონკურსზე-ანსამბლისთვის ,,ნერგები“ ნიჭიერ ბავშვებს უხმობდნენ. აღმოჩნდა, რომ კონკურსის ბოლო დღე იყო, ამიტომ პლეხანოვზე არსებულ რკინიგზელთა კულტურის სახლში სასწრაფო წესით გამარბენინეს. ის დღე გუშინდელივით მახსოვს: რადგან მეორე სართულის კიბეები ხალხით სავსე იყო, წითელ, ნაქსოვ ჟაკეტში გამოწყობილი კიკინებიანი გოგონა შესასვლელთან მდგარ ადამიანს გადააწოდეს. ცოტა ხანში, დედას უთხრეს, რომ ჩემი ნამღერი მოეწონათ, ამიტომ შემდეგ ეტაპზე აღარ გავსულვარ, ანსამბლ „ნერგების“ მეოთხე თაობაში პირდაპირ მოვხვდი. ჩემი ბავშვობის და „ნერგების“ მოგონებები დღემდე მაბედნიერებს და მოტივაციას მაძლევს. ერთ-ერთი კონცერტზე სიმღერის შესრულება ზუსტად შვიდჯერ მომიწია. მახსოვს, მაშინ სცენაზე მოულოდნელად ამოვიდა ქალბატონი, რომელმაც წერილი გადმომცა და გულში ჩამიხუტა. ის აღმოჩნდა ცნობილი მუსიკოს-შემსრულებელი, წოვინარ სიმონიანი, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა დღემდე მაკავშირებს.

ანსამბლ “ნერგების” მეოთხე თაობა

– თინეიჯერობის დროს, სატელევიზიო ეკრანზეც გამოჩნდით, რომელ გადაცემებზე მუშაობდით?

– იმ დროს ტელეკომპანია „კავკასია“ რამდენიმე თვის შექმნილი იყო და მე საბავშვო გადაცემების: ,,მზე შინა“ და ,,საფეხური” გაკეთება დავიწყე. გადაცემის წამყვანები სკოლის მოსწავლეები იყვნენ და მასში სტუმრად ნორჩ მუსიკოს – შემსრულებლებს ვიწვევდით. ჩემთვის ამ ამპლუაში მუშაობა ძალიან საინტერესო და უცხო გამოცდილება იყო.

ნიკოლოზ ხომასურიძის დოკუმენტური ფილმის გადაღების პროცესში

– სკოლის მერე, განათლება საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში მიიღეთ, საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო სტუდენტობა გექნებოდათ…

– დიახ, ასეც იყო: ჯერ ჩავაბარე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, რომლის ასპირანტურაც პედაგოგიკის განხრით დავამთავრე. ბავშვები ძალიან მიყვარს და ეს მიმართულებაც ამიტომ ავირჩიე. შემდეგ, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ვისწავლე და ბოლოს, სწავლა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში „Gau Tbilisi PR school” გავაგრძელე. სტუდენტობა მართლა საინტერესო მქონდა. განსაკუთრებით აღვნიშნავ თეატრალურ უნივერსიტეტს, რომელიც სწავლების ფორმის ისეთი მრავალფეროვნებითა და სპეციფიკური მიდგომებით გამოირჩევა, რაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებს ნაკლებად ახასიათებს. იქ გატარებული წლები არასოდეს დამავიწყდება. რაც შეეხება, „GAU“-ს, ისეთი გამოცდილება შემძინა, რომელმაც მთელი რიგი საკითხები სხვა კუთხით დამანახა და შემაფასებინა. ამაში საოცარი ლექტორებიც დამეხმარნენ.

ეკა ჩიჩუა-სათვისტომოს ოფისში მუშაობის დროს

– პედაგოგიური გამოცდილება საკმაოდ ადრეულ ასაკში მიიღეთ, სად დაიწყეთ პრაქტიკული საქმიანობა?

– თბილისის 62-ე საჯარო სკოლასთან არსებულ სამუსიკო სტუდიაში მუშაობის შემდეგ, 18 წლის ასაკში, დედის და მეცენატი პიროვნების, ამირან ადეიშვილის მხარდაჭერით, შევქმენი ბავშვთა ვოკალურ – ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იბერია”, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი თავად გახლდით. ეს იყო შემოქმედებითი რეალიზაციის, განვითარებისა და პოზიტიური ემოციებით სავსე დრო. მიუხედავად მწარე ცხოვრებისეული გამოცდილებისა და შეცდომებისა, დღევანდელი გადასახედიდან, იმ დრომ საოცარი ისტორიები დამიტოვა. ჩემი ანსამბლის წევრებს შორის, ბევრი დღეს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი, სხვადასხვა ფესტივალის გამარჯვებული და დიპლომანტია. რამდენიმე მათგანი ცნობილი მომღერალია, მათ შორის, გავიხსენებ ია ჩანტლაძეს და Repmen ამიკო ჯანელიძეს.

პუბლიკაცია ანსამბლ “იბერიაზე” ქართულ პრესაში

– ამერიკაში ჩასული, როგორ აღმოჩნდით ქართული კულტურის ცნობილ ცენტრში „Dancing Crane Company“?

– თავიდანვე მინდა, რომ ჩემ მიმართ გამოჩენილი ყურადღების, სითბოსა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ამ ცენტრის დამაარსებლებს და სულისჩამდგმელებს, ბატონ ვიქტორ სირელსონს და მის მეუღლეს, ქალბატონ ლიკა სირელსონს, ასევე განსაკუთრებული მადლობა ყველასათვის საყვარელ ცუცა კაპანაძეს, რომელმაც ამერიკაში ახალ ჩამოსულს, ოდნავ დაბნეულს, იმის საშუალება მომცა, რომ უცხო ქვეყანაში სულიერად გადავრჩენილიყავი და ამ სტუდიაში ჩემი პატარა აღსაზრდელები მყოლოდა. მახსოვს ამ დიდ ოჯახში პირველად როგორ აღმოვჩნდი. ერთი თვის ჩამოსული ვიყავი, როცა ცენტრში, ჩვენი უახლოესი მეგობრის, ნიკა ჩხეიძის რეკომენდაციით მივედი. ცუცასთან შეხვედრის შემდეგ, ყველა დაძაბულობა მაშინვე მომეხსნა. მან იმედი ჩამისახა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ეს ცენტრი ადგილია, სადაც ყოველ ჯერზე ვიბადები და ახლიდან ვცოცხლდები. როდესაც ჩვენს დიდ ოჯახში შევდივარ, რეალობის განცდა მეკარგება და თავი ისევ საქართველოში მგონია…

– სწავლა ამერიკაშიც გააგრძელეთ და დღესდღეობით, სტუდენტი ხართ. რა პროფესიას ეუფლებით და პარალელურად რას საქმიანობთ?

– რაც შეეხება, ჩემს სწავლას და დღევანდელ საქმიანობას, გარკვეული დოკუმენტაციების და დიპლომების ლეგალიზაციის შემდეგ, შესაძლებლობა მომეცა, რომ ჩამებარებინა კოლეჯში, რომლის დასრულებისას პედაგოგიკის კვალიფიკაცია მომენიჭება. ამერიკაში, სკოლამდელი ასაკის მოსწავლეთა აღზრდის პროფესიას „Touro College & University System“-ში ვეუფლები. პარალელურად, საბავშვო ბაღში „Wonderland Pre School Academy“- პედაგოგის ასისტენტად ვმუშაობ. ჩემს ჯგუფში სამ წლამდე აღსაზრდელები არიან. შეუძლებელია არ მიყვარდეს ჩემი დღევანდელი საქმიანობა, რადგან სადაც ვარ, არაჩვეულებრივი პირობები, საოცრად კარგი თანამშრომლები და სიცოცხლით სავსე გარემოა.

– დღევანდელი გადასახედიდან, ამერიკაში ყოფნის სამმა წელმა რაში დაგარწმუნათ, რაში გადაგარწმუნათ და რა არის ის, რასაც ვერასოდეს შეელევით?

– იშვიათი გამონაკლისის და ფინანსური შესაძლებლობების მქონე პიროვნებების ცალკეული შემთხვევების გარდა, არავინ მოგატყუოთ, რომ აქ ჩამოსულ ემიგრანტს ია-ვარდით მოფენილი გზა დახვდება. ყველა მათგანი გადის ისეთ ეტაპებს, რისი გახსენებაც შემდგომ შეაშინებს და მასში ყოველ ჯერზე, საშინელ ემოციას გამოიწვევს. აქ, უსახსრობის, უენობის, გაუცხოების, ნოსტალგიის და კიდევ ბევრი რამის ერთად გადატანა გიწევს. შემდეგ იწყება რეალობასთან შეგუების პროცესი და შენც ნელ-ნელა ეჩვევი და სწავლობ ახალ ცხოვრებას. ამასობაში, ახალ დროსთან ერთად, თავადაც მეორედ იბადები. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიჭირს შვილების გარეშე ცხოვრება. თუმცა გვახარებს ის ამბავი, რომ წელს, ჩვენი ორი ქალიშვილი, ანა და თეკლა, სტუდენტები გახდნენ და სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან.

ცნობილი კრიზისცენტრის წევრები პანდემიის დროს

– ამბობენ, ამერიკა ოცნებების ქვეყანააო, დღეს თუ შეგიძლიათ იგივე თქვათ?

– ამერიკა ქვეყანაა, რომელიც გიფარებს, ყველაფერს გაძლევს და გთავაზობს – ოღონდ, იმუშავე, იშრომე და ისწავლე. სამი წლის თავზე, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ქვეყანა უკვე მიყვარს. მინდა ყველას ვურჩიო – არასოდეს დანებდეთ სიტუაციას, გახსოვდეთ, რამდენჯერაც დაეცემით, უფალი იმდენჯერ შეგეხიდებათ და ნულიდან დაწყებულ საქმეს სასურველ შედეგამდე მიიყვანთ. მუდამ წინ გაიხედეთ და ყველაფერი გამოგივათ. დიახ, ახლა უკვე ვიცი, ეს არის ქვეყანა, სადაც ოცნებები სრულდება. თუმცა, არასოდეს, არცერთი წამით მავიწყდება, რომ ქართული გენები მაქვს და ქართველი ვარ…

ეკა ჩიჩუა ამერიკაში

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები