თამარ დე ლეტე -ვაჩნაძის უძვირფასესი მემკვიდრეობა საქართველოს უბრუნდება
“რასაც ახლა მოვყვები ვიცი რომ დასაჯერებლად ძნელია თუმცა სიმართლეა, თანაც მომხიბვლელი სიმართლე… დიახ ქართველებს გვყავდა მხატვარი, რომელიც კრისტიან დიორის საქვეყნოდ განთქმული სამოდელო სახლისათვის შესანიშნავ ესკიზებს ხატავდა, ეს მხატვარი თამარ დე ლეტე – ვაჩნაძეა.. ნოე ჟორდანიას რძალი, სან პაულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პარიზული შემოქმედებითი ელიტის გამორჩეული წევრი, თუმცა სამშობლოსთვის, საყვარელი საქართველოსთვის დღემდე უცნობი და უსამართლოდ დავიწყებული.. არადა სიცოცხლის ბოლომდე ქართველობდა.. უარი თქვა როგორც ფრანგულ ისე საბჭოთა მოქალაქეობაზე… თამარ დე ლეტეს უძვირფასესი მემკვიდრეობა უკვე გზაშია, საქართველოს უბრუნდება არა მარტო კრისტიან დიორის არამედ პარიზისა და სან პაულოს თეატრებისთვის შექმნილი 300 ზე მეტი ესკიზი, 30 ტილო, 100 ზე მეტი XIX საუკუნის უნიკალური ფოტო, XVIII საუკუნის ტილოები, ხელნაწერები და ა.შ… ეს კოლექცია საქართველოს თეა წულუკიანის პირადი ძალისხმევითა და თანადგომით უბრუნდება, მისი სახელით და სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შევძელით მემკვიდრეებთან მოლაპარაკება და უნიკალური განძის ხელოვნების სასახლისათვის გადმოცემა აუწონავია ქართველი დიპლომატის გოჩა ჯავახიშვილის როლი ამ საქმეში, რომელმაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იპოვა ეს ძვირფასი განძი ატლანტიკის ოკეანის პირას ქართველ ემიგრანტთა ოჯახში. დიდი მადლობა ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარეს, ჩემ მეგობარ არჩილ გელოვანს, რომელმაც ტრადიციულად შეუფასებელი დახმარება გაგვიწია კოლექციის სამშობლოში დასაბრუნებლად, დიდი მადლობა სამინისტროს თანამშრომელს შორენა ციცაგს ნაყოფიერი შრომისა და ბრწყინვალე კომუნიკაციისათვის. განძის სამშობლოში დაბრუნებას გამოფენა და კატალოგის გამოცემა მოჰყვება.
როგორც ზოლტან ჟორდანია ამბობს ამ ამბით თამარ დე ლეტე ვაჩნაძე ხელმეორედ დაიბადა, რადგან მისი უკანასკნელი და ყველაზე სანუკვარი ოცნება ასრულდა… მე კი ბედნიერი ვარ, რადგან ეს ცხოვრების ისეთი მომენტია რომელიც ამ ქვეყნად არსებობის და ცხოვრების აზრს გიმტკიცებს, ახალ მოტივაციას გაძლევს… “