” ახლა სიტყვები – ომი, ომია გასაგები გახდა”- სპექტაკლი – სოლიდარობა უკრაინელ მებრძოლებს

“ერთ-ერთი სცენა რეჟისორმა მარიუპოლის თეატრში მომხდარი აფეთქებიდან გამომდინარე დადგა, მაქვს სცენა სადაც ვამბობ რომ თეატრში ჩემი შვილია, რომლის სიცოცხლეც ყველას სიცოცხლეს მირჩევნია…თეატრის წინ დიდი ასოებით დაწერეს “ბავშვები” ..ამ ჯარისკაცის წარმოსახვით სცენას ვთამაშობ, სადაც ნიღაბს ვირგებ, ბავშვებს კი ზღაპარს ვუყვები რომ ყველაფერს მარტივად შეხედონ. ჩემთვის ეს სცენა და ფინალი ზოგადად განსაკუთრებით მძიმე და საპასუხისმგებლოა … პირველად რომ გავაკეთე მე თვითონ ცრემლები წამსკდა და ისე ავტირდი ნახევარი საათი გაგრძელება ვეღარ შევძელი..” – გვიყვება მსახიობი ნოდარ მელაძე, ის ქუთაისში, ბარ – რესტორან სახლში წარმოდგენილი სპექტაკლის ”ომი,ომია” მონაწილეა, ეს დამოუკიდებელი არტისტების მიერ შექმნილი პროექტია,რომელიც გმობს რუსეთის მიერ დაწყებულ ოკუპაციას,სოლიდარობას უცხადებს მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და მათ ოჯახებს.

სპექტაკლის შესახებ: “ცეცხლი გავხსენით. ვიღაცამ იყვირა, ვაჩვენოთ, როგორი მასპინძლები ვართო, ამ სიტყვებმა თითქოს თავდაჯერებულობა მომიმატა, ხელები მაგრად ჩავჭიდე იარაღს და სროლა დავიწყე, მათ მანქანებს ცეცხლის ალი მოედო, ალმოდებული მანქანიდან ორი ჯარისკაცი გადმოხტა, რომლისთვის მესროლა არ ვიცოდი, მე ხომ არასოდეს მისვრია ადამიანისთვის? შემდეგ ჩემი ცოლი და შვილი გამახსენდა, გამახსენდა სიტყვები “ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი” და ერთ-ერთისკენ ტყვიების კორიანტელი მივუშვი,პირველად ვესროლე ადამიანს, მართალია ხელები მიკანკალებდა ყბასთან ერთად, მაგრამ ახლა სიტყვები “ომი, ომია” გასაგები გახდა. მამაჩემის სიტყვები გამახსენდა. თუ არ ესვრი თვითონ გესვრიანო. ამ ფიქრში გართულმა დავინახე, როგორ გაუხეთქა თავი ტყვიამ ერთ-ერთ ჩვენგანს, აი მაშინ უმისამართოდ დავიწყე სროლა. პირველად ვესროლე ადამიანს…”

სპექტაკლის რეჟისორი გიორგი კაშიაა, წარმოდგენაში მსახიობები ნოდარ მელაძე და გიგა აბულაძე მონაწილეობენ. სპექტაკლებზე სრული ანშლაგია, მაყურებელი ცრემლიანი ტოვებს სივრცეს, სადაც სპექტაკლი თამაშდება, ტკივილი, რომელსაც დამდგმელი გუნდი გადმოსცემს ყველასათვის ასე მძიმე და გასაგებია…” ახლა ყველა ომში ვართ და ვისაც რა ფორმით შეგვიძლია უნდა გამოვხატოთ პროტესტი, ემპათია, სოლიდარობა” განაცხადა “ქართულ კვირასთან” საუბარში რეჟისორმა გიორგი კაშიამ.

 “სპექტაკლში ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ პერსონაჟს ვთამაშობ, დასაწყისში რუსი ჯარისკაცის მამას, რომელიც თავადაც არაერთხელ ყოფილა ომში და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა შეცდომებით და უსამართლოდ იქნება ომი მოგებული თუ არა, ამიტომ ის შვილს მოუწოდებს იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის და ამის გამო მათ რთული ურთიერთობა აქვთ,  მამისთვის მთავარი იმპერიაა..მეორე ნაწილში ვთამაშობ ახალგაზრდა ჯარისკაცს რომელიც ტყვედ ჩაიგდებს რუსს, მას არასდროს მოუკლავს ვინმე და ადამიანური თვისებები ჯერ კიდევ რბილ ფორმებში აქვს შენარჩუნებული.. თუმცა საშინლად გაბრაზებულია მოწინააღმდეგე მხარეზე და მთელი ეს სიბრაზე უნდა რომ ტყვეზე  ამოანთხიოს, მაგრამ სადღაც ადამიანურ სიბრალულს იწვევს ტყვე მასში, შემდეგ იაზრებს, რომ ომი ომია და აქ სისუსტე არ უნდა გამოიჩინოს… ვეცადეთ დაკისრებული ამოცანები ღირსეულად შეგვესრულებინა და გვესაუბრა აქტუალურ თემებზე – უსამართლობაზე, ომზე, გადარჩენის სურვილზე და ვყოფილიყავით სოლიდარულები უკრაინის და ყველა იმ ქვეყნის მიმართ, ვისთვისაც რუსული ოკუპაცია სამწუხაროდ  უცხო არ არის”- გვითხრა მსახიობმა ნოდარ მელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები