“მტკივა აჩეხილი აპრილი და ეკასთან ერთად, ჯალათების მიერ ფეხით გათელილი გაზაფხულის უმანკო იის მსგავსი, 21 სიცოცხლე…”

” იმ დღეს ეკამ მასწავლებლიდან მოსვლა რომ დააგვიანა, ძებნა მომიტინგეებთან დავიწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ. მივაგენით. შემდეგ კი, როცა დარბევა დაიწყო, ერთმანეთი დავკარგეთ… მისი არც დაკრძალვის დღე მახსოვს, არც ორმოცი. უგონოდ ვიწექი საავადმყოფოში. მოგვიანებით ეკას დღიურში წავიკითხე, – “ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, მნიშვნელოვანი რამ არ დატოვოსო….” 9 აპრილის გმირის – 15 წლის ეკა ბეჟანიშვილის დედის – ლალი ყანჩაველის  მოგონებებიდან….
საოცრად ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ეკა ბეჟანიშვილის ბავშვობის მეგობარი, ჟურნალისტი  შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში …

“აპრილი თენდება..ამაღამ კიდევ ერთხელ,უმოწყალოდ მომიკლავენ ბავშვობის მეგობარს ორლესული ნიჩბით… და მასთან ერთად ვისწავლი დიდ ტკივილთან შეგუებას… გაზით მოწამლულ რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ ამიჩქროლებს სისხლს ლელა ვეფხვაძის”დაუკარით”… და კიდევ ერთხელ მოურჩენელ იარად დამემჩნევა სისხლიანი აპრილი…და დღევანდელი”დამოუკიდებლობა”… ნათელი და სანთელი დაღუპულთა სულებს და საქართველოს_თავისუფლება! როცა 9 აპრილი თენდება, მეხსიერება თავისით იწყებს იმ მოვლენების კადრებივით დატრიალებას, რაც მაშინ ხდებოდა და ამეკვიატება ხოლმე, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, ერთი პოეტი ქალბატონის ლექსიდან სტრიქონები” აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთა”.. აპრილში ტიტებიც სხვანაირი სისხლისფერი ხდება ჩემთვის… გაზაფხულის ამ ყვავილს 9 აპრილის ტკივილი ახლავს, რადგან ტიტების ზღვა მახსენდება რუსთაველის გამზირზე..იქ, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობარი, 15 წლის ეკა ბეჟანიშვილი ორლესული ნიჩბებით აჩეხეს და საკუთარ დედას გულზე დააკლეს… დედას, რომელმაც საკუთარი შვილი ვერ დაიტირა, რადგან 6 თვე,შხამიანი გაზით მოწამლული,უგონოდ იყო..

… მირეკავს ხოლმე ლალი ყანჩაველი, ეკას დედა… მეკითხება _ როგორი იყო ჩემი ეკა, ვიხსენებ და მისი არც ერთი ნაკლი არ მახსენდება, იქნებ დედა ვარ და ვცდები, იქნებ, ძალიან რომ მენატრება, იმიტომ მგონია, რომ უნაკლო იყო, იქნებ, 15 წლისას სამშობლო რომ ასე ძალიან უყვარდა, იმიტომ მგონია, რომ განსაკუთრებული იყოო… სულ ვპასუხობ – არ გეჩვენებათ, ლალი დეიდა, ის მართლა ასეთი იყო – არავის დარი ეკა!
… მას მერე, როცა ჩემი ბავშვობის ქუჩებზე დავდივარ, ხშირად გავაყოლებ იმ ქუჩას თვალს, ეკას სახელს რომ ატარებს… თვალზე ცრემლით ვიხსენებ მის აჩეხილ სხეულს, როცა 9 აპრილის დილას სახლში მოასვენეს და ჩვენ, მისი მეგობრები, უცებ, ერთ წამში გავხდით დიდები _ იქ დასრულდა ჩვენი ბავშვობა, ეკას აჩეხილ სხეულთან!..
… მეც მასთან ერთად ვიპარებოდი, ხოლმე, დემონსტრაციებზე, იმ ღამეს კი, სიცხე მომცა და არ გამიშვა მამაჩემმა _ დარაჯად მედგა, დედას ეუბნებოდა _ ვიცი, ჩუმად იპარება ხოლმე დემონსტრაციებზე, ალბათ იქ გაცივდა და ამაღამაც გაიპარება, კარები გადაკეტე და გასაღები დამალეო.. თავად კი, მთელი ღამე ბორგავდა..მერე, სადღაც 3 საათზე, წამოდგა და წავიდა _ სად მიდიხარო, დედამ მიაძახა _ არაფერი უთხრა,თუმცა, სადღაც 6 საათისთვის მობრუნდა, მიწისფერი ედო სახეზე _ იმ უჯიშოებმა ხალხი დახოცესო… ფეხით მიდიოდა, თურმე, რუსთაველზე, გზაში კი დარბეული ხალხი შეხვედრია, რომლებიც საშინელ ამბებს ჰყვებოდნენ.. წამოვხტი სიცხიანი _ ვაიმე, ეკა-მეთქი…
… როცა ეკა მოასვენეს, ჩანთაში მისმა დამ, ქეთიმ, ერთი წყვილი თბილი წინდა უპოვა ეკას… ჩუმად ჩაუდვია სახლიდან გასვლის წინ, უკვე იცოდა, რომ იმ ღამეს სახლში არ მობრუნდებოდა, იქ უნდა დარჩენილიყო, სადაც ყველა ერთხმად იძახდა: ”საქართველოოოო, საქააართვეეელოოო”…. და სამუდამოდ წავიდა…წავიდა იქ, სადაც გმირები მიდიან! მერე იყო ცრემლების, ტიტების ზღვა.. მერე იყო სამძიმრიდან სამძიმარზე სიარული… მერე იყო ყველა დღე რუსთაველის გამზირზე… ყველა დღე საშინელი ტკივილით სავსე გარემო… სადაც ჯალათების მიერ გაშვებული მომწამვლელი აირის საშინელი კვალი ისევ იდგა და გვწამლავდა… სადაც ჩვენი აჩეხილი ”თავისუფლების გმირთა” სულები, ჩვენთან ერთად, მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვიროდნენ: ”საქააართვეეელოოოო!!!!! ” …  ეკა ჩემზე 1 წლით უფროსი იყო… უკეთილშობილესი, თბილი, საყვარელი… მახსოვს, ერთხელ, გულსაბნევი მაჩუქა _ ულამაზესი… 9 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე დავკარგე… განვიცადე, ძალიან. დამაწყნარა _ არ იდარდო, კიდევ გაჩუქებო..ვეღარ მოასწრო… თუმცა, გულზე მისი სახელი სამუდამოდ მიგვაბნია მე და საქართველოს! ორი  წლის შემდეგ ამ ტრაგედიიდან, 9 აპრილს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა!…
…. და მაინც…. მე მტკივა… მტკივა აჩეხილი აპრილი და ეკასთან ერთად, ჯალათების მიერ ფეხით გათელილი გაზაფხულის უმანკო იის მსგავსი, 21 სიცოცხლე… და გულის გულში, იმდროინდელი ჩემი ხმა, ისევ თვალცრემლიანი იმეორებს: ”საააქააართვეეელოოო”!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები