ფოტო – რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა – ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მიერ 9 აპრილს გადაღებული ფოტოს გმირი ნანა მახარაძეა, ის წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს.
“ამაღლებელი გრძნობაა, როცა 9 აპრილზე ვსაუბრობ. ყველაზე მეტად რაც მახსენდება, ერთ მუშტად გაერთიანებული ქართველებია. დღევანდელობასთან შედარებით სულ სხვა სულისკვეთება იყო მაშინ…”
“ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი გოგონა ვიყავი, 19 წლის, ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ყოველდღე მეგობრებთან ერთად ლექციების შემდეგ აქციაზე დავდიოდი, მერე უკვე ლექციებსაც ვაცდენდით და ისე დავდიოდით. ეს ფოტო ალბათ არის იმ დიდი მრისხანების და იმ დიდი პროტესტის გამოხატულება, რომელიც მაშინ ყველა ქართველს ჰქონდა. იმ დღეების ფოტოებს რომ დააკვირდე, ყველას თითქოს ერთი სახე ჰქონდა. როცა აქციაზე გამოდიოდი, იაზრებდი, რომ შესაძლოა ვინმეს მოეკალი და ეს იყო სიმამაცე, მაგრამ ასეთი მამაცი იყო მაშინ მთელი ერი…”
წყარო : ფრაგმენტი ნანა მახარაძის ინტერვიუდან, ჟურნალი “გზა”