ემიგრანტები ბავშვებისთვის შექმნილი პროექტი “პატრიოტი დიასპორელი” დაიწყო
ემიგრანტი მოზარდებისთვის შექმნილი პროექტი “პატრიოტი დიასპორელი” დაიწყო. საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტმა სტარტი თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან აიღო. ეს 2021 წლის 28 დეკემბერს ფონდ საქართველოს ემიგრანტებსა და თბილისის კლასიკური გიმნაზიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით მოხდა.
პროექტი ფონდმა “საქართველოს ემიგრანტებმა” შექმნა და ითვალისწინებს ქართული წარმოშობის დიასპორელი მოზარდების საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილებზე დასწრებას მათთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროებში, სამშობლოში ვიზიტის ფაგრლებში.
,,ჩვენი პირველი მერცხლები გახლავთ კესარია და ლილე ფოჩხუები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან. დებ ფოჩხუებს სკოლის არდადეგები 4 აპრილს დაეწყოთ ქვემო საქსონიის მიწაზე; ჩამოფრინდნენ საქართველოში ახლად დაბადებული ძამიკოს მოსანათლად და პარალელურად პროექტის ,,პატრიოტი დიასპორელი” ფარგლებში ესწრებიან გაკვეთილებს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. კესარია გახლავთ დილის სმენა, რადგან მე-6 კლასშია. ხოლო ლილე – შუადღის სმენა, მე-3 კლასში. უღრმესი მადლობა მათ მშობლებს, გიორგი ფოჩხუასა და ხატია ძებისაშვილს, ქალიშვილების პროექტში ჩართვისათვის, ასეთი შემართებისა და პატრიოტიზმისათვის. პატრიოტი დიასპორელები გიმნაზიაში 15 აპრილამდე ივლიან. 11 აპრილიდან გოგონებს შეუერთდებათ და-ძმა მჭედლიშვილები ჰანოვერიდან, მე-2 და მე-5 კლასელები,” – ვკითხულობთ ფონდის “საქართველოს ემიგრანტები” ფეისბუქ გვერდზე.
პროექტის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალი სამთავრობო დონეზე გაიმართება 2022 წლის 13 აპრილს. ღონისძიება შედგება თბილისის კლასიკური გიმნაზიის სააქტო დარბაზში.
შეგახსნებეთ, რომ „პატრიოტი დიასპორელის„ საპილოტე პროექტი მოიცავს საჯარო სკოლებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 2022 წლის სექტემბრიდან პროექტი გადავა განხორციელების განგრძობით ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დიასპორელ მოზარდებს საშუალება ეძლევათ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ქალაქში, მთასა თუ ბარში პროექტის ფარგლებში შევიდნენ ნებისმიერ საჯარო სკოლაში მათთვის მოსახერხებელ კალენდარულ დროებში და გახდნენ შესაბამისი კლასის მსმენელები.
პროექტში მონაწილეობის მსურველებს სარეგისტრაციო ფორმულარის შევსება შეუძლიათ აღნიშნულ ბმულზე.