გურამ თუშიშვილი ანტალიის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ანტალიის გრანდ სლემის დასკვნითი დღე საქართველოს ჰიმნით დასრულდა.ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლების მფლობელი გურამ თუშიშვილი ანტალიურ ტატამზე ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა და ფინალამდე გაიკვალა გზა. ქართველმა მძიმეწონოსანმა გზადაგზა დაამარცხა ავსტრიელი, სლოვაკი, კუბელი და ფრანგი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უზბეკ ალიშერ ინსულტის იპონით მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გარდა ამისა, თუშიშვილმა ჩემპიონობისთვის განკუთვნილი 1000 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.
“ანტალიის გრანდ სლემის მოგებამდე ნაბიჯი დააკლდა ლუკა მაისურაძეს (-90 კგ) – ფინალში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან “ოქროს ქულით” დამარცხდა და ვერცხლის მედალი მიიღო. ერთი დღით ადრე კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა გიორგი ტერაშვილი (-73 კგ). გრანდ სლემის პირველ დღეს კი მეორე ადგილით დაასრულა გამოსვლა ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ).შედეგად, საქართველოს ნაკრებმა კაცთა მედლების ჩათვლაში 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ასევე პირველი საფეხური ერგო საერთო ჩათვლაშიც” – აღნიშნულია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები