2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. იგი 39 წლის გახდებოდა.საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ახალგორიდან დევნილი, ერაყსა და ავღანეთში, სამშვიდობო მისიების მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი, 2018 წლის 22 თებერვალს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა დაბა ახალგორში დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ტატუნაშვილს, დე ფაქტო საგამოძიებო უწყებამ, „გენოციდის” ბრალდება წაუყენა და სასტიკად აწამა_ სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება, რის შედეგადაც, იგი, 23 თებერვალს გარდაიცვალა.ცხინვალი, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე. ოსი სეპარატისტების მიერ წამებით მოკლული ქართველის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემა, მხოლოდ 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით მოხერხდა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში ბრალდებულები; ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, სასამართლომ, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მათ მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. გავრცელებული ინფორმაციით, არჩილის წამების კიდევ ერთი მონაწილე ფილიპ ხაჩიროვი კი, გასული წლის სექტემბერში, ცხინვალში, კორონავირუსის გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
არჩილ ტატუნაშვილი, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
წყარო: სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები