26 – 27 მარტს “ეტიუდების ფესტივალი” გაიმართება

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2009 წელს საფუძველი ჩაეყარა „ეტიუდების ფესტივალს“, რომელიც უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ყოველწლიურად, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება. „ეტიუდების ფესტივალი 2022“ ორ ეტაპად განხორციელდება: ეტიუდების ეროვნული XII ფესტივალი; ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი N-Etude, წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის სლოგანია – Tolerance Amity Freedom Unity.
„ეტიუდების ეროვნული XII ფესტივალი – 2022“დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში, 26 მარტს გაიხსნება, მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, უნივერსიტეტის სასწავლო თეატრს (აუდიტორია #2) რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის სახელი მიენიჭება.ღონისძიების ფარგლებში გაიმართება: რეჟისორ გიორგი სიხარულიძის საავტორო დოკუმენტური ფილმის – „მოაზროვნე“ – ჩვენება; თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა “კენტავრის” გამოცემის  – მიხეილ თუმანიშვილის წიგნის მე-5 ტომის – „თეატრალური ხელოვნების სწავლების შესახებ“ – პრეზენტაცია
27 მარტს კი ეტიუდების ეროვნული XII ფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან და საერთაშორისო ფესტივალი  – N-Etude გაიხსნება. ეროვნულ საფესტივალო ეტიუდებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური; ეტიუდების ეროვნულ XII ფესტივალში მონაწილეობას იღებენ დრამის ფაკულტეტის I, II და III კურსის სტუდენტები. წარმოდგენილი იქნება 11 ეტიუდი: 5 სარეჟისორო და 6 სამსახიობო.ეტიუდების ეროვნული XII ფესტივალის მონაწილეები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: გრანპრი; საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი; საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი; საუკეთესო მსახიობი ვაჟი; საუკეთესო მსახიობი გოგონა; სტუდენტური ჟიურის რჩეული; ჰუმანური ეტიუდი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები