რუსთავის თეატრისათვის ახალი შრიფტი შეიქმნა

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის ცისფერ დარბაზში, სპეციალურად რუსთავის თეატრისთვის შექმნილი შრიფტის პრეზენტაცია  და მასზე შექმნილი ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა. ახალი შრიფტი რუსთაველმა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ თეატრის დაკვეთით შექმნა. 2022 წელი რუსთავის თეატრისთვის საიუბილეოა, მას 55 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ მიზნით იქნა მოფიქრებული, თეატრს ჰქონოდა პერსონალური შრიფტი, რომელიც მარტივი იდენტიფიკაციის და ინდივიდუალიზმის ხაზგასმას მოახდენდა. ინსპირაციად რუსთავის თეატრის პოსტერი იქცა, რომელიც 40 წლის წინ შეიქმნა, წარსულისა და აწმყოს კავშირი კი ერთად იქნა გადმოცემული შრიფტში, რომელმაც 55 წლის ისტორიას მოუყარა თავი.

ამასთანავე, სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრს – შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის მიზანია, ხელი შეეწყოს თეატრალური ხელოვნების განვითარებას, პოპულარიზაციას, საშემსრულებლო მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვას, სტუდენტების/მსახიობების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ამასთანავე,  თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლებში, ღონისძიებებსა და პროექტებში; სტუდენტებს ასევე მიეცემათ საშუალება საგანმანათლებლო მიზნებისთვის აქტიურად გამოიყენონ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრს მიეცემა საშუალება უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაატაროს ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებები, გამოიყენოს უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსი, დეკორაციები, რეკვიზიტები.

მემორანდუმის ფარგლებში პირველი ნამუშევარი იქნება, სოსო ნემსაძის მიერ დადგმული სპექტაკლი ,,თეთრი ჟამი“, რომელშიც მონაწილეობას რუსთავის თეატრის მსახიობები და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ. სპექტაკლის პრემიერა რუსთავის თეატრში აპრილში შედგება.

“2022 წელი რუსთავის თეატრისთვის საიუბილეოა, მას 55 წელი შეუსრულდა. მიმდინარე სეზონზე თეატრს 136 ღონისძიება აქვს დაგეგმილი, პრემიერები, ფესტივალი, შეხვედრები ძველი თაობის მსახიობებთან და სხვა. სწორედ ამ ღონისძიებების ფარგლებში 24 მარტს თეატრის ცისფერ დარბაზში სპეციალურად რუსთავის თეატრისთვის შექმნილი შრიფტის პრეზენტაცია გავმართეთ, ამასთანავე გავაფორმეთ მემორანდუმი თეატრალურ უნივერსიტეტთან. ორივე ეს საკითხი თეატრისთვის უმნიშვნელოვანესია, ერთი რომ უკვე თეატრს საკუთარი, საიმიჯო შრიფტი იქნება, რომელიც დატანილი იქნება ლოგოზე, აფიშაზე ან ბანერზე. ასევე უმნიშვნელოვანესია თეატრალურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომელიც საკუთარ რესურსს მოახმარს ჩვენს თეატრს, როგორც მატერიალურს, ასევე ადამიანურს. სტუდენტებისთვის კი რუსთავის თეატრი საუკეთესო პიედესტალი იქნება პროფესიული განვითარების გზაზე. ამდენად, დაპირებული ღონისძიებების სერიას წარმატებულად ვაგრძელებთ და წლის ბოლომდე მაყურებელს არაერთხელ გავახარებთ” – განაცხადა “ქართულ კვირასთან” საუბარში რუსთავის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა – მაია ღუღუნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები