გალაკტიონის უბის წიგნაკიდან: 22 მარტი

დღესაც ავადა ვარ. მუშაობა არ შემიძლია. მდგომარეობა კატასტროფიულია. არსაიდან ჯერჯერობით იმედი არა მაქვს, რომ საიდანმე გაჩნდება სულ ცოტა მაინც ფული, რომ პაპიროსი მაინც მექნეს, თუ სადილი არა. გადაუხდელია წყალისა და ბინის ქირა. სულ ადვილად შეუძლიათ გადამასახლონ ბინიდან. როდემდის გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა?

… წიგნი გამოვა ერთი ან ორი თვის შემდეგ. მანამდე? მანამდე? რა უნდა ვქნა, როგორ ვიმუშაო მანამდე? ხომ შეიძლება, ბინა დავკარგო მანამდე, ხომ შეიძლება შიმშილმა წამაქციოს სადმე მანამდე?

სად უნდა წავიდე, არ ვიცი!

არც ერთი მეგობარი, არც ერთი ოჯახი ტფილისში.

ასე ვფიქრობდი, როდესაც დავიხურე ქუდი და ოთახიდან გავედი. აქ, მახლობლად სამკითხველოა, რომელიც ცხრა საათზე იხურება. ეხლა სამი საათია, მაშასადამე, მთელი ექვსი საათი მე შემიძლია გავატარო სამკითხველოში.

მშიერი მე ვზივარ სამკითხველოში ექვსი საათის განმავლობაში. ვკითხულობ გაზეთებს, ჟურნალებს. დამავიწყდა შიმშილი. დამავიწყდა, რომ ავადა ვარ. ავად! მერე როგორ ავად!

და გახდა ცხრა საათი. დახურეს სამკითხველო. ძალაუნებურად უნდა გამოხვიდე.

და ხეტიალი.

თოვს.

ხეტიალი ავადმყოფისა და უფულო კაცის. ღამით.

 გამარჯობა, – დამიძახა ვიღაცამ.

– გაგიმარჯოს, – ვუთხარი და გავჩერდი.

– “ბატონო გალაკტიონ”, აქეთ რამ წამოგიყვანათ? – მეკითხება.

– ისე, შემთხვევით.

– წავიდეთ, ღვინო დავლიოთ. მაგრამ მე ფული არ მაქვს. აი, აი, აი, ჩემი მეგობრები. ერთად წავიდეთ.

მომიხდა დღეს ქეიფი მეკუბოვეებთან, დამმარხველებთან, ორგანიზატორებთან ამ საქმისა…

აი, სანამდე მიგიყვანს შიმშილი!

და ვბრუნდები ჩემს ოთახში…

/1929 წელი/

გალაკტიონის საუკუნე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები