“თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი” ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე წარდგა
ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა 21 მარტს გაიხსნა. ბაზრობაზე “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი” საკუთარი სტენდით არის წარმოდგენილი. დღის განმავლობაში, არაერთი გამომცემელი, ილუსტრატორი და საბავშვო ლიტერატურით დაინტერესებული დამთვალიერებელი გაეცნო სტენდზე გამოფენილ ქართულ ილუსტრირებულ წიგნებს.ინფორმაციას “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი” ავრცელებს.
აქვე შედგა საქართველოში მოქმედი სხვადასხვა გამომცემლობის წარმომადგენლების შეხვედრა, ქართული ლიტერატურის თარგმნითა და გამოცემით დაინტერესებულ, უცხოელ გამომცემლებთან და ლიტერატურულ აგენტებთან.ასევე, ბაზრობის საგამოფენო სივრცე, Mostra Georgia, სრულად დაეთმო თბილისის ილუსტრაციის ფესტივალის გამოფენას, რომელიც 24 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს საერთაშორისო ბაზრობის სტუმრებს.შეგახსენებთ, 2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში, თბილისი UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქია.