ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 3 პოზიციას უკრაინელი აკადემიური პერსონალისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 3 პოზიციას უკრაინელი აკადემიური პერსონალისთვის უნივერსიტეტის განცხადებაში ვკითხულობთ : უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და აგრესიამ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის აკადემიურ პერსონალს, სიკვდილის საფრთხე შეუქმნა. უკრაინის სამეცნიერო საზოგადოებისადმი სოლიდარობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააარსა პროგრამა რისკის ქვეშ მყოფი აკადემიური პერსონალის მხარდასაჭერად. პროგრამა მიზნად ისახავს საფრთხის ქვეშ მყოფ უკრაინელ მეცნიერთა და მათი ოჯახების წევრთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. ომმა, ერთი მხრივ, გამოამჟღავნა უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში (ენა, პოლიტიკა, კულტურა) კომპეტენტურობის მნიშვნელობა და, მეორე მხრივ, გამოავლინა შესაბამისი აკადემიური რესურსების სიმცირე. ჩვენ გვჯერა, რომ რისკის ქვეშ მყოფი აკადემიური პერსონალის პროგრამა ხელს შეუწყობს უკრაინული კვლევების განვითარებას საქართველოშიც. შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 3 პოზიციას უკრაინელი აკადემიური პერსონალისთვის, რომლებსაც სურთ ჩაატარონ ლექციები და ჩაერთონ სხვა აკადემიურ აქტივობებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ სფეროებში:
უკრაინული ენა;
უკრაინის ისტორია და კულტურა;
უკრაინის პოლიტიკა და საზოგადოება;
უკრაინის უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები.
უკრაინის უნივერსიტეტებისა და კვლევით დაწესებულებათა სამი წარმომადგენელი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1000 აშშ დოლარის ოდენობით და უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ადგილით თბილისში. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შეუზღუდავი წვდომა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ობიექტებზე. პროგრამის ხანგრძლივობა 3-იდან 6 თვემდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები