“შინდისის ბრძოლის” გმირი – 9 მარტი ალექსანდრე ონიანის დაბადების დღეა..

ალექსანდრე ონიანი 1981 წლის 9 მარტს, ლენტეხის რაიონის სოფელ ჯახუნდერში დაიბადა. საშუალო განათლება მშობლიური სოფლის სკოლაში მიიღო, მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური და 2006 წელს, ძმის მაგალითით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური დაიწყო.
2008 წლის 11 აგვისტოს, უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი, მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით, გორის რაიონის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც შინდისის რკინიგზის სადგურზე, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. ონიანი მყისიერად ჩაერთო უთანასწორო დაპირისპირებაში, რომელიც საქართველოს სამხედრო ისტორიაში „შინდისის ბრძოლის“ სახელით არის ცნობილი. „შინდისის ბრძოლაში“, სადაც ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა, ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს საბრძოლო რესურსი მხოლოდ საათსა და ოც წუთს ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი მიაყენა.„შინდისის ბრძოლაში“ 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.სამხედრო საბოლოოდ, მათგან ალყაში ორნი – უფროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი და მისი ნათლული, კაპრალი რომან ზოიძე დარჩნენ. კაპრალი ზოიძე დაჭრილი იყო და სისხლისგან იცლებოდა, თუმცა ონიანმა, რომელიც ამ დროს სრულიად უვნებლად იყო, თანამებრძოლის მოთხოვნის მიუხედავად, ის არ მიატოვა. უფროსმა სერჟანტმა ალექსანდრე ონიანმა, ტყვედ აყვანის საშიშროებისთანავე, ხელყუმბარით თავი აიფეთქა, მოწინააღმდეგეს არ ჩაბარდა და მისი ცოცხალი ძალა დააზიანა.

2021 წლის 11 აგვისტოს, „შინდისის ბრძოლიდან“ მე-13 წელს, უფროს სერჟანტ ალექსანდრე ონიანს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ის ასევე დაჯილდოებულია „ვახტანგ გორგასლის“ I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. დაკრძალულია ლენტეხის რაიონის სოფელ ჯახუნდერის სასაფლაოზე.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები