გიორგი შარვაშიძე European University Association-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე European University Association-ის (EUA) აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა.ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. საბჭოს წევრობა ქართულ მხარეს EUA-ს გადაწყვეტილებებში ხმის უფლებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. საქართველო, სერბეთის შემდეგ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მეორე ქვეყანაა, რომელიც EUA-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრია.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის გენერალურ მდივანთან ამანდა კროუფუთტან და მის მოადგილესთან მონიკა სტეინელისთან შეხვედრაზე, გიორგი შარვაშიძემ 🇺🇦 უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრა და კოლეგებთან ერთად განიხილა თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას უკრაინელი კოლეგებისა და სტუდენტების მხარდასაჭერად. EUA-მ დაადასტურა, რომ ბევრი რამ კეთდება უკრაინელი კოლეგების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის. შეხვედრაზე რუსულ უნივერსიტეტებთან მიმართებით EUA-ს სამომავლო პოლიტიკის საკითხებიც განიხილეს. გიორგი შარვაშიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნივერისტეტების ავტონომიაზე და ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობაზე EUA-ს პროექტებში.
შეხვედრას თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თეა გერგედავა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე ესწრებოდნენ. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სრული წევრი გახდა, რომელშიც ევროპის 47 ქვეყნის 850-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციაა გაერთიანებული. საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წელს დაფუძნდა და მასში 35 უნივერსიტეტია გაერთიანებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები