ომის ქრონიკებიდან – “პირველი დღე შემზარავი იყო, მეორე კიდევ უფრო შემზარავი აღმოჩნდა..”

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ფესტივალის 2021 წლის მონაწილის – უკრაინელი მწერლის ანასტასია ლევკოვას ჩანაწერებს აქვეყნებს – ომის ქრონიკებიდან, უკრაინა – 2022 წელი..

“ომის პირველი დღე შემზარავი იყო. მეორე კიდევ უფრო შემზარავი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, პირველ ორ დღეში რამდენჯერმე გავიმარჯვეთ მტერზე. მესამე დღემ უფრო მეტი გამარჯვება მოიტანა ბევრი მიმართულებით: სამხედრო, დიპლომატიური თუ ფინანსური კუთხით. ხალხი ძლიერ წინააღმდეგობას უწევს. სარეგისტრაციო დახლებთან რიგებია – ვისაც ბრძოლა არ შეუძლია, ლტოლვილებს ეხმარება ფულით, პროდუქტებით, წამლებით, ტრანსპორტით…
ჩვეულებრივი ხალხი ინფორმაციულ ომშია ჩაბმული. შეუიარაღებელი მხცოვანი კაცი წინ აღუდგა კბილებამდე შეიარაღებულ ორ რუს ჯარისკაცს და მიმართავს: „მეც რუსი ვარ! საკუთარ ქვეყანაში პრობლემები გამოგელიათ? თქვენ მხოლოდ ინსტრუმენტები ხართ!“ ერთი მძღოლი მწკრივში მდგომ რუს ჯარისკაცებთან ჩერდება: „გინდათ რუსეთში წაგიყვანოთ? არა, არ მაქვს (სიგარეტი) არ ვეწევი. აქვე ახლოს მაღაზიაა. ბიჭებო, რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი? უკრაინაში ყველაფერი კარგად იყო, სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობდით. დაბრუნდით სახლში, თორემ გაგანეიტრალებენ.“
სამხრეთ უკრაინაში, დონბასსა და ყირიმს შორის ერთ პატარა ქალაქში ხალხი ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა და სკანდირებდნენ „ბერდიანსკი უკრაინაა! ბერდიანსკი უკრაინაა!“
ათასობით რუსი ჯარისკაცი დემორალიზებულია, ბევრი მათგანი დანებდა. ახლა უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ის, რასაც პუტინი სასოწარკვეთისგან სჩადის (იგი ახლა სწორედ სასოწარკვეთილია, არ ელოდა ასეთ შეუპოვარ და დიდ წინააღმდეგობას) სრული კატასტროფაა. რუსი ჯარისკაცები სამოქალაქო პირებს ხოცავენ, ბავშვებსაც არ ინდობენ. ბომბები საცხოვრებელ სახლებს და ადმინისტრაციულ შენობებს ანადგურებს (ხარკოვში რეგიონალური ადმინისტრაციის შენობა ააფეთქეს და ნაცარტუტად აქციეს). საშინელებაა. ოკუპანტები ტანკებზე თეთრ დროშებს კიდებენ დანებების ნიშნად, მაგრამ როცა ვინმე მიუახლოვდება, ესვრიან. მოქალაქეებს იჭერენ და ფარად იყენებენ. ხედავენ, რომ ძალით ვერ გვაჯობებენ, ამიტომ უკანონო ტაქტიკას და ცბიერებას იშველიებენ.
ისინი ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ, მთელმა მსოფლიომ. ყველა ადამიანს ვემადლიერებით, ვინც სხვადასხვა ქვეყნიდან მხარდაჭერას გვიცხადებს. შვებაა, რომ შეიარაღებით გვეხმარებიან, რომ რუსეთს ფინანსურად, პოლიტიკურად და მორალურად ბლოკავენ. ეს გვამხნევებს და გამარჯვებასთან გვაახლოვებს. მაგრამ მსოფლიოსგან ასევე ველით ჩვენი ცის დაცვას, რომ რუსმა სამხედროებმა ვერ დაგვხოცონ, რომ ჩვენი ქალაქები ვერ გაანადგურონ.“
შეგახსენებთ, 2021 წლის 5-დან 19 ოქტომბრამდე მწერალთა სახლის ორგანიზებითა და ,,თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის’’ მხარდაჭერით, გაცვლითი სარეზიდენიო პროგრამის ფარგლებში უკრაინელი მწერალი ანასტასია ლევკოვა, თბილისში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში ცხოვრობდა და წიგნზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები