1910-1932 წლების ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი ეროვნულ სამხატვრო გალერეაში
25 თებერვლიდან 20 აპრილის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ სამხატვრო გალერეაში 1910-1932 წლების ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი გამოიფინება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი მხატვრების ნამუშევრები როგორიცაა ელენე ახვლედიანი, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, მიხეილ გოცირიძე, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი, ალექსანდრე შერვაშიძე, დიმიტრი შევარდნაძე, ირინე შტენბერგი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, კირილე ზდანევიჩი, ილია ზდანევიჩი, იგორ ტერენტიევი, დავით კაკაბაძე, ალექსანდრე ზალცმანი, დიმიტრი კვირიკაშვილი, იოსებ შარლემანი, ზიგმუნდ (ზიგა) ვალიშევსკი, კლარა კვესი, ალექსეი კრუჩონიხი, იოსებ გაბაშვილი, ირაკლი გამრეკელი, პეტრე ოცხელი, სერგეი გოროდეცკი, კოლაუ ჩერნიავსკი, რენე შმერლინგი, მიხეილ ჭიაურელი, სერგეი სუდეიკინი, საველი სორინი, ემა ლალაევა-ედიბერიძე, თამარ თავაძე, ოლღა კონიაშვილი, ვოლდემარ ბობერმანი.
„გამოფენისთვის მივმართეთ ასიმეტრიული ექსპოზიციის პრინციპს. და, რაც მთავარია, გამოვიყენეთ დიმიტრი შევარდნაძის მიერ ამ სივრცეში 1919-1920 წლებში გამართული პირველი გამოფენების მოწყობის მეთოდი, რომლის ფოტომასალა ჩართულია ჩვენს ექსპოზიციაში, ასევე მოდერნისტული და ავანგარდული ხელოვნების თანადროული გამოფენების მოწყობის მეთოდოლოგია“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.