„მათ მიუსიეს საქართველოს ხალხს რუსის ჯარისკაცები და სისხლისა და ცრემლის ტბები დააყენეს ყველგან…“-საქმე №22105

ქართველი ხალხის „დასახმარებლად“ მოსულმა საბჭოთა ხელისუფლებამ თავისი რეალური სახე და მიზნები სულ მალე გამოაჩინა. ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანების დევნა დაიწყო. ავიწროებდნენ და აპატიმრებდნენ მოსახლეობას, ართმევდნენ სახლებს და მიწებს. ყველაფერი ეროვნული იკრძალებოდა. ამის ნათელი მაგალითია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტი (საქმე №22105), რომელიც ზუსტად 100 წლისაა და რომელშიც მოტყუებული საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს არსებული წყობილების მიმართ და ხალხს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს ახალგაზრდობას, საქართველოს მშრომელ ხალხს.

ამხანაგებო და მოქალაქენო!

წელიწად ნახევარია, რაც საქართველოს მშრომელ ხალხს მოუსპეს თავისუფლად არსებობის საშუალება და მის ცოცხალ სხეულს ძიძგნიან გარეწარები. სოციალიზმისა და კომუნიზმის მანტიაში გახვეული წითელი იმპერიალისტები და მათი ოქროთი მოსყიდული ქართველი ხალხის გამყიდველნი, მოსკოვის წვრილ-ფეხა შაიკები – ქართველი კომუნისტები აქ საქართველოში ერთგულად განაგრძობენ ძველ რომანოვების ჯალათურ პოლიტიკას უფრო სასტიკ და ბარბაროსულ ფორმებში. მათ მოსპეს საქართველოს დამოუკიდებლობა, ფეხქვეშ გასთელეს ხალხის ისტორიული სუვერენული უფლებები და ჩვენი ლამაზი სამშობლო გაღატაკებულ გავერანებულ რუსეთის პროვინციათ გადააქციეს;

მათ მოშალეს და დაანგრიეს ჩვენი სამეურნეო ცხოვრება და ხალხი საშინელ შიმშილისა და ეპიდემიის საფრთხის წინაშე დააყენეს;

მათ შერყვნეს და უცხოელ გარეწარების დასაცინად აქციეს ქართული ენა და ქართული კულტურა და წარმოუდგენელის სისასტიკით ატარებენ გარუსებისა და ეროვნული გადაგვარების პოლიტიკას;

მათ მოსპეს მუშათა კლასის მიერ ათეულ წლების გმირული ბრძოლით მოპოვებული განბანილი თავისუფლებანი და ხალხის მონობის უღელში ჩასჭედეს;

მათ ციხედ გადააქციეს მთელი საქართველო და შიგ ჩაყარეს ხალხის საუკეთესო შვილები;

მათ მიუსიეს საქართველოს ხალხს რუსის ჯარისკაცები და სისხლისა და ცრემლის ტბები დააყენეს ყველგან, სადაც კი ხალხი ვერ შეურიგდა მონობის უღელს და სცადა კულტურული ბრძოლა თავისუფლებისთვის. მაგრამ მოღალატეობა გამყიდველობისთვის გაჩენილმა ხალხმა, ბუნებით რეციდივისტებმა არც ეს იკმარეს. ჟანდარმერიის ძველი არქივებიდან ამოქექეს ერთი კიდევ უსასტიკესი ზომა და დღეს ისინი ამზადებებ უდიდეს ბოროტმოქმედებას ქართველი ხალხის მიმართ.

მათ გადასწყვიტეს ერთხელ კიდევ ჩასცენ მახვილი ქართველ ხალხს და მისი საუკეთესო შვილები, დღეს მეტეხში და ჩეკის სარდაფებში გამომწყვდეულნი, რუსეთის ცივ და შორეულ გუბერნიებში გადაასახლონ!

ქართველო ხალხო, საქართველოს ახალგაზრდობავ!

შენს ერთგულ შვილებს, ძმებს, ძვირფას მასწავლებლებს, თავდადებულ რევოლუციონერებს, ხალხის თავისუფლებისთვის მედგარ გულწრფელ მებრძოლთ, რომლებისთვისაც არ არსებობდა კერძო ცხოვრება, რომლებიც ხალხს დასტრიალებდნენ – ჭირში და ლხინში.

დღეს კომუნისტები, მსგავსად დამხობილი მეფის ტირანისა, ამ მებრძოლთ გლეჯენ თავის მშობლიურ კერას მშობელი ხალხის გულს და ციმბირში ასახლებენ, სადაც მათ დევნა-წამება და სიკვდილი მოელის!

დე იცოდეს ეს საშინელი ბოროტმოქმედება მთელმა საქართველომ, მთელმა ქვეყანამ!

საქართველოსა და ქართველი ხალხის მოღალატეებმა კი იცოდნენ ერთი:

საქართველოს მუშათა კლასი გამოიტანს თავის მსჯავრს მისი სახელითა და რევოლუციონური სინდისით ურცხვად მოვაჭრეთა წინააღმდეგ და იგი მსჯავრი უსასტიკესი იქნება; თვითეულ დაღუპულ ხალხის შვილებისთვის იგი ათეულებითა და ასეულებით აგებინებს პასუხს ხალხის ჯალათებს და არავითარ შებრალებას ალაგი არ ექნება!

ეს არ იქნება ლიტონი სიტყვა, ეს რეალურ საქმედ იქცევა!

შორს ოკუპანტების სისხლიანი ხელი ხალხის მეთაურებისგან!

მთელი ხალხის თანაგრძნობა დევნილ მებრძოლთა და რევოლუციონერთა მხარეზეა!

სამარცხვინო ბოძზე მოსკოვის ჯაშუშები – ქართველი კომუნისტები!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები