მამუკა და დიანა ბაგრატიონის ფონდები ურთიერთთანამშრომლობას იწყებენ

„მამუკა ბაგრატიონის ფონდი“ თანამშრომლობას იწყებს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ „დიანა ბაგრატიონის ფონდთან’’, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყრება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს.

მარცხნიდან მარჯვნივ: მერი ფერრარი (ბაგრატიონი); გიორგი ბაგრატიონი; მამუკა ბაგრატიონი; იოსებ ჭაკვეტაძე; ტატო ჰენკელი.

„სამეფო ჟურნალის“ 1(11) 2022 ნომერში, გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელიც ეხება ბაგრატოვანთა დინასტიის წარმომადგენელთა მნიშვნელოვან აქტივობას. წერილში საუბარია მამუკა ბაგრატიონის და დიანა ბაგრატიონის ფონდების კავშირის შექმნაზე და ეხება „ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის“ ღირსეულ წარმოჩენას უპირველესად ამერიკის შეერთებულ შტატებში და შემდგომ მთელს მსოფლიოში.

მამუკა ბაგრატიონი: მოგესალმებით და მშვიდობას გისურვებთ. ვფიქრობ, რომ მშვიდობა არსებულ აწმყოში ყველაზე მნიშვნელოვანია. მე, როგორც საზოგადოება-კავშირის „ბაგრატოვანთა სახლის“ ნამდვილი წევრი ყოველთვის ვცდილობ ჩვენი დინასტიის გაძლიერებას და თანამედროვე დროში პოპულიზაციას. მოგეხსენებათ ბაგრატოვანთა სამეფო დინასტია ყველაზე ხანგრძლივი დინასტიაა ევროპაში და მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ იაპონიის დინასტიას ჩამოვრჩებით. ისტორიული რეალობაა, რომ რუსეთის იმპერიამ და შიდა სეპარატისტულმა, მომძლავრებულმა ძალებმა ხალხის ნების გარეშე, ძალმომრეობით გაგვიუქმა სამეფო საქართველოში.  რუსეთმა იმ დროისთვის დაყოფილი საქართველოს პოლიტიკური გარემოებებით მაქსიმალურად ისარგებლა. ეს თემა შორს წაგვიყვანს და ამ საკითხებზე მომავალში თქვენის ნებართვით ბევრს ვისაუბრებთ.

დიანა ბაგრატიონი; ერიკ ადამსი (ნიუ-იორკის მერი)

ააიპი „მამუკა ბაგრატიონის ფონდი“  თანამშრომლობას გეგმავს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებლ „დიანა ბაგრატიონის ფონდთან’’, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი გახლავთ  დიდებული ქალბატონი: დიანა ბაგრატიონი.  ქალბატონ დიანას  საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია სამთავრობო სტრუქტურებში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული „დიანა ბაგრატიონის ფონდს“. ვერც ერთი ბაგრატიონი ვერ იტყვის, რომ ამდენი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, რაც ამ ქალბატონს. ქალბატონი დიანას სიკეთესა და ღვაწლზე საუბარი ძალიან ვრცელი და საინტერესო თემაა. ვფიქრობ, რომ თქვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, თქვენს შემდეგ ნომერში დაწვრილებით გაეცნოს ქალბატონი დიანას მიერ გაკეთებულ პროექტებს, რომლებმაც შექმნეს  სიკეთის ხიდი საქართველოსა და ამერიკის შორის. სხვათა შორის მის ფონდს აქვს სლოგანი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“: „რასაცა გასცემ შენია“, რაც არა დაკარგულია“. მეც „ვეფხისტაოსნიდან“ ვიტყვი:“ სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“. და ზუსტადაც, ქალბატონმა დიანამ მოიპოვა სახელი! იმის გარდა, რომ ბევრ საქველმოქმედო პროექტებს ანხორციელებს, დიდ საქმეს აკეთებს სახალხო დიპლომატიის კუთხითაც, რაც ჩვენს ქვეყანას ვფიქრობ, რომ ძალიან სჭირდება.

ლელა ქართველიშვილი (მამუკა ბაგრატიონის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი)

ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია ქ-ნი დიანას აქტივობები და ძალიან საინტერესო იყო მისი გაცნობა. ჩვენი დაკავშირება მოხდა ჩვენი საერთო მეგობრის, ჩემთვის ძვირფასი ქალბატონი  ლელა ქართველიშვილის დამსახურებით. ქალბატონი ლელა, დიდი ავიაკონსტრუქტორის (ვინც აშშ-ს შეუქმნა ავიაგამანადგურებელი) „ალექსანდრე ქართველის საზოგადოების“ დამფუძნებელია და ამჟამად აშშ-ში მოღვაწეობს.  კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ქ-ნ ლელას, რომელიც ჩვენს პროექტებში პირადად იქნება ჩართული და საპასუხისმგებლო თანამდებობას დაიკავებს „მამუკა ბაგრატიონის ფონდში“. ქ-ნი ლელას დახმარებით შედგა ჩვენი ონლაინ ვიდეოზარი, რაც 3 საათზე მეტი გრძელდებოდა. ჩვენმა საუბარმა ჩამოაყალიბა მოქმედების გეგმა, რაც კიდევ და კიდევ მიმართული იქნება ქველმოქმედებისკენ, ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის პოპულარიზაციისკენ, ღირსეული ჩვენი ისტორიის და ყოველი შემაკავშირებელი რგოლების გამოყენებისკენ,  ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანასთან -ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ფონდი დიდი ინტერესით ითანამშრომლებს ევროპის ფონდებთან, რაშიც დახმარებას გვიწევს ჩვენი გერმანელი მეგობარი ბატონი რაინერ რუგე. ორი სიტყვით მინდა გაგაცნოთ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი. ბატონი რაინერი 25 წელზე მეტია საქართველოზეა შეყვარებული, იგი მაღალი დონის დიპლომატია და წლების განმავლობაში იყო ევროკავშირის წარმომადგენელი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. რაც მთავარია, დაინტერესებულია საქართველოს ისტორიით, ბაგრატოვანთა დინასტიით და პატივს მიაგებს ჩვენს წეს-ჩვეულებებს. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს, ხელს უწყობს ქართული კულტურის განვითარებას და პოპულიზაციას ეწევა უცხოეთში.

რაინერ რუგე (მამუკა ბაგრატიონის ფონდის წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში)

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს და პროექტებს. მოგეხსენებათ, წინასწარ თქმა არ არის კარგი, მაგრამ ზოგადად გაგაცნობთ ჩვენს მთავარ მიზნებს. პირველ რიგში, ჩვენს ფონდებს შორის დაიდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადობას უნდა მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენს ქვეყანაზე უმნიშვნელოვანესი ისტორიული ინფორმაციები. ბაგრატოვანთა დინასტიას უნდა გაეწიოს მაქსიმალური პოპულარიზაცია და ამ ენერგეტიკულმა ბირთვმა უნდა შეკრას ღირსეული ამერიკელები, ჩვენი ემიგრანტები და ყველა იმ ერის წარმომადგენლები, რომელთაც გულს გაუთბობს ჩვენი ისტორია, კულტურა, ხმათა ღვთაებრივი პოლიფონია, სპორტი, სამზარეულო… და ა.შ. ჩვენი ყველა ქმედება გამომდინარე იქნება ფონდის სლოგანიდან : სიყვარული, ერთობა, თანადგომა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები