ვენეციაში რეზო გაბრიაძის თეატრის გასტროლი გაიმართება

23 – 27 თებერვალს,იტალიაში, ვენეციის კარლო გოლდონის სახელობის თეატრში გაიმართება კლასიკოსი ქართველი მწერლის, რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრის გასტროლი სპექტაკლებით „ალფრედი და ვიოლეტა“, “რამონა” ასევე, პირველად იტალიურ ენაზე შესრულდება ნუნუ გელაძის მიერ თარგმნილი სიმღერა „თბილისო“.

სპექტაკლი «ალფრედი და ვიოლეტა», რომლითაც 1981 წელს დაიწყო გაბრიაძის თეატრის ისტორია გასულ წელს კვლავ დაუბრუნდა სცენას, ოღონდ უკვე ახალი სახით.ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზო გაბრიაძემ სრულიად განაახლა პიესა, დაამატა მას ახალი გარემოებები და გმირები, შექმნა პერსონაჟებისა და დეკორაციების ესკიზები, რომლებიც დაედო საფუძვლად ახალი სპექტაკლის სცენოგრაფიას. რეზო გაბრიაძის გარდაცვალების შემდეგ ჩანაფიქრი ბოლომდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლეო გაბრიაძემ მიიყვანა, სწორედ ის არის ახალი დადგმის რეჟისორი.ამჯერად, ალფრედისა და ვიოლეტას მარადიული სიყვარულის ისტორია, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმა – შვილის რომანიდან “ქალი კამელიებით” და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა” 90-იანი წლების თბილისში ვითარდება და მათ სიყვარულს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს…სპექტაკლის მოქმედება ვითარდება თბილისში, მთაწმინდაზე, აგრეთვე – მილანში, ხაშურში, რომში, აბასთუმანში, ვენეციასა და დიღომში.
„რამონა“ – ორი ორთქმავლის სიყვარულის ისტორიაა. პიესის მოქმედება დიდი სამამულო ომის შემდგომ, რკინიგზის სადგურ ,,რიონში” ვითარდება. მძლავრი ორთქლმავალი ერმონი სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრება შორეულ მხარეში „ხუთწლედის ოთხწლედში დასასრულებლად“. სამანევრო რამონა კი რკინიგზის პატარა სადგურში რჩება და ქმარს ელოდება. მისი დღეები მოგონებებითა და მონატრებითაა სავსე. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გრძელდება ეს განშორება და ახალი განსაცდელი მოაქვს გმირებისათვის. რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როცა ქალაქში მოხეტიალე ცირკი შაპიტო გამოჩნდება. განშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებებში, მაყურებლისათვის სპექტაკლის უკანასკნელ წუთებამდე გამოცანად რჩება…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები