თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 104 წლისაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 104 წლის წინ, 8 თებერვალს  დაარსდა, უნივერსიტეტის განცხადებაში ვკითხულობთ: “104 წლის წინ, სამ ოთახში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის 369 სტუდენტითა და 89 მსმენელით დაიწყო საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში – დაარსდა ტფილისის უნივერსიტეტი, რომელსაც უნდა დაეკმაყოფილებინა ქართველი ხალხის „ლტოლვა სინათლისადმი, ცოდნის წყურვილი და ჭეშმარიტების სიყვარული“. საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად  დაიბადა. მე-19 საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, რომელთანაც დაკავშირებულია სულიერი აღორძინების ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა უნივერსიტეტის დაარსებისათვის ბრძოლა.უმაღლესი სკოლის შექმნის რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც თბილისში დაარსდა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი. იგი რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც თავის შემოსავალს ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესებს ახმარდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღზრდილი და მისი პრივატ-დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის მზადება. 12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა “ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის” საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. 1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი  –  სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე, ბუნე-ბისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი  1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი,  იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი.1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის  – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ უმაღლესი განათლების ფლაგმანია. მის 30-მდე კორპუსში, მათ შორის 12 სასწავლო კორპუსში, 7 ფაკულტეტის 240 საგანმანათლებლო პროგრამაზე, 25 ათასი სტუდენტი სწავლობს და 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია განთავსებული.თსუ-ს პარტნიორია 300-მდე უნივერსიტეტი 56 ქვეყანაში. უნივერსიტეტში 24 უცხოენოვანი პროგრამა მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე არაერთი პროგრამა. თსუ-ში საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან სწავლობენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5%-ში შედის და უკვე მეექვსე წელია თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (THE) ხვდება. 1918 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 300 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 104-ე წლისთავს ეპიდვითარების შესაბამისი ფორმატით აღნიშნავს.უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყობა უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. ექსპოზიციაში განთავსდება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომელიც ასახავს საქართველოში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებისა და შემდგომი განვითარების საინტერესო ინფორმაციას.უნივერსიტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით, თსუ მუზეუმმა განაახლებს არქეოლოგიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზს. მნახველისთვის გამოიფინება ფონდებში დაცული ექსპონატები, ლაბორატორიულად დამუშავებული და კონსერვირებული არქეოლოგიური მასალა, ასევე, თსუ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მიერ ბოლოდროინდელ არქეოლოგიურ ექსპედიციებში აღმოჩენილი არტეფაქტები.

ონლაინ სივრცეში იქნება წარმოდგენილი უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისთვის თსუ ბიბლიოთეკის თაოსნობით გამოცემული ორი ახალი წიგნი: „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“( II ტომი) და აკაკი ჩხენკელის დღიურები – წიგნი პირველი (1918-1921).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები