“ვეფხისტყაოსანი” ბენგალურ ენაზე გამოიცა

2022 წლის იანვარში, ბანგლადეშში პირველად გამოიცა ბენგალურ ენაზე თარგმნილი შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი”. პოემის თარგმანი ეკუთვნის ტაჰერულ ისლამ ტაჰერს, ხოლო წიგნისთვის შექმნილი ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებების გათვალისწინებით შესრულებული ილუსტრაციები მოამზადა მაჰმუდ ჰასანმა.

საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოს ფასდაუდებელი ჩართულობით, შესაძლებელი გახდა ამ დიდი პოემის ბენგალურ ენაზე თარგმნა და გამოცემა.  “მივესალმებით „ვეფხისტყაოსნის“ წარმატებით გამოცემას უძველეს ბენგალურ ენაზე, რომლის სიდიადე უკვდავყო მსოფლიოს უდიდესმა პოეტმა, რაბინდრანათ თაგორმა. როგორც ცნობილია, ბენგალური ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ათ ყველაზე გამორჩეულ ენას სიძველითა და სილამაზით, ასევე შესანიშნავი დამწერლობისა და ჟღერადობის გამო. მასზე საუბრობს 200 მილიონზე მეტი ადამიანი ბანგლადეშში, ინდოეთის დასავლეთ ბენგალისა და ტრიპურას შტატებში და ასამის შტატის რეგიონში Barak Valley. იგი სიდიდით მეშვიდე ენაა მსოფლიოში.

„ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე თარგმნა მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ რუსთველოლოგიის განვითარებისთვის, არამედ – კაცობრიობისთვისაც, ხალხებს შორის ურთიერთდაახლოების, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მეგობრობის განმტკიცებისთვის. წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს არარეზიდენტი ელჩი, არჩილ ძულიაშვილი და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსული, რიად მაჰმუდი წარუდგენენ „ვეფხისტყაოსანს“ ბანგლადეშის საზოგადოებას და ქვეყნის მთავრობის წევრებს. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ბენგალელი მკითხველისთვის, რაც მათ ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. – აღნიშნულია ინდოეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები