საქართველოს ხელოვნების სასახლეში ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნახატების გამოფენა გაიხსნება

10 თებერვალს, 17:00 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლეში ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნახატების გამოფენა გაიხსნება. მხატვრის ნამუშევრები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პროექტის “ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება” ფარგლებში შეიძინა და გადანაწილდა საქართველოს ხელოვნების სასახლესა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმებში. გამოფენაზე, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება, მხატვრის 50 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი ორივე მუზეუმიდან.

„ვალერიან სიდამონ-ერისთავის (1889-1943) შემოქმედება შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია. იგი ქმნიდა თემატურ სურათებსა და პორტრეტებს, თეატრალურ-დეკორაციულ ნამუშევრებსა და წიგნების ილუსტრაციებს, მუშაობდა კინოს მხატვრობაზეც, წლების განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

ვალერიან სიდამონ-ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის ისტორიული ჟანრის ფერწერის განვითარებაში და ქართულ ხელოვნებაში ამ ჟანრის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამასთან, იგი მიეკუთვნება ქართული თეატრის მხატვართა პირველ თაობას. 1920 წლიდან 1923 წლამდე სიდამონ-ერისთავი ქართული თეატრის ერთადერთი პროფესიონალი მხატვარი იყო. მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, მიხეილ ქორელი, აკაკი ფაღავა, ალექსანდრე წუწუნავა. გაფორმებული აქვს 70-ზე მეტი თეატრალური თუ საოპერო წარმოდგენა და 40-ზე მეტი ფილმი, მათ შორის სპექტაკლები: “ბერდო ზმანია”, “ღალატი”, “ავგაროზი”; ფილმები: “პეპო”, “სურამის ციხე”, “ხანუმა”, “ჩემი ბებია”, “კრაზანა”; საოპერო დადგმები: “თქმულება შოთა რუსთაველზე”, “ლოენგრინი”, ბოშათა ბარონი”, “დაისი”“, – ნათქვამია საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები