“წიგნს უნდა მივუბრუნდეთ, სხვა გზა არ არსებობს…”- ოთარ ჭილაძე
“რაც უფრო ადრე მივუბრუნდებით წიგნს, მით უფრო ადრე აღმოვაჩენთ საკუთარ თავს. ხოლო, როგორც კი საკუთარ თავს აღმოვაჩენთ, მაშინვე გაგვიჩნდება უკეთესობისკენ სწრაფვის სურვილი. წიგნი მარტო იმას კი არ გვიჩვენებს, როგორები ვართ, არამედ როგორი შეიძლება გავხდეთ, თუკი მას მივენდობით და ვირწმუნებთ… ასე რომ, წიგნს უნდა მივუბრუნდეთ. სხვა გზა არ არსებობს…” წერდა დიდი ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე. 2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა – „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში აღნიშნავენ.
გთავაზობთ ნაწყვეტს – ქეთევენ სადღობელაშვილის ინტერვიუდან (2009 წელი) ოთარ ჭილაძესთან, სადაც მწერალი და პოეტი წიგნზე, ლიტერატურასა და მკითხველზე საუბრობს..
“მწერალმა ლეგენდის ტყვეობიდან უნდა გამოიყვანოს ობივატელი და სიმართლის დასანახი თვალი აუხილოს. ხოლო ამას თუ ვერ შეძლებს, ნებისმიერი მისი მცდელობა შუშისა და ფარდის შუა მომწყვდეული ბუზის გაწამაწიას დაემსგავსება: იფრენს, იბზუვლებს, მაგრამ უაზროდ და უშედეგოდ… ასე არ უნდა მოხდეს და არც მოხდება არავითარ შემთხვევაში. როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ჩვენი «კეთილისმყოფელთა» ნიჰილისტური შეგონებებისა, ლიტერატურული ცხოვრება კი არ ჩაკვდა, შეიძლება ითქვას, აღორძინდა, აღორძინების გზაზეა. ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები ნამდვილად არის. გაჩნდნენ ახალი გამომცემლობები, იმართება წიგნის ბაზრობები, ერთი ლიტერატურული გაზეთის და ჟურნალის ნაცვლად, ახლა რამდენიმე არსებობს და თავის გარშემო იკრებს ახალგაზრდობას. თანამოაზრე მწერალთა ასოციაციებისა თუ დაჯგუფებების სიმრავლეც ლიტერატურული ცხოვრების გამოცოცხლების დასტურია მხოლოდ. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოში. ჩვენ დიდი ლიტერატურული ტრადიციების ქვეყანა ვართ და სამოღვაწეო ასპარეზზე დღეს გამოსული ყველა ახალგაზრდა, თავად აცნობიერებს თუ არა ამას, უპირველეს ყოვლისა, ამ ტრადიციების გაგრძელებისა და გაღრმავების საწინდარია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ლიტერატურული ცდა, ნებისმიერი ახალი გზის ძიება მხოლოდ მისასალმებელია და იმედის მომცემი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ცდა წარმატებით დამთავრდება და ქართველი მწერლების დიდ ოჯახს კიდევ მრავალი სახელი შეემატება. მივესალმები ყველა ახალგაზრდა მწერალს, რომელიც სწორედ განუწყვეტელი ლიტერატურული ძიებებით იპყრობს დღეს ყურადღებას, ოღონდ ძიება თვითმიზნად არ უნდა იქცეს და არც იქცევა, ვიდრე სათქმელი გვექნება. მთავარი მაინც სათქმელია. მწერლობა უცნაური და ლამაზი სიტყვებით ჟონგლიორობას კი არ გულისხმობს, არამედ ერთადერთი და მრავლისმთქმელი სიტყვის პოვნას, რომელსაც უნარი შესწევს თანაგრძნობის, თანადგომის, თანაარსებობის ჟინი აღძრას მკითხველთა გულებში… და კიდევ ერთი! რაკი ამდენი ვილაპარაკე შთამომავლობაზე, ბარემ ამასაც ვიტყვი: პატივი ვცეთ, დავაფასოთ ნებისმიერი ლიტერატურა, მაგრამ გვიყვარდეს საკუთარიც. მხოლოდ საკუთარი ლიტერატურის ტრადიციებზე აღზრდილი მწერალი შეიძლება გახდეს საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის. საკუთარი მწერლობის მიმართ უპატივცემულო, აგდებული დამოკიდებულება სნობიზმის ერთ-ერთი სახეობაა. ასე რომ, როცა ჩვენი ტელევიზიის ეკრანიდან, უცხოეთში «განათლებული» რომელიღაც ახალგაზრდა, ფეხი ფეხზე გადადებული, წარბშეუხრელად აცხადებს, უცხოეთში ყოფნის გამო, კარგად ვერ ვიცნობ ჩემს მშობლიურ ლიტერატურასო, ჩვეულებრივი სნობია და მის «განათლებას» და კატის ცურცლს ერთი ფასი აქვს ჩვენი კულტურული ცხოვრებისთვის…”