„ თან დამქონდა ეს უზარმაზარი ბუნება ყველგან, სადაც კი ცხოვრება გადამისვრიდა“- ნატო ვაჩნაძის მოგონებებიდან…

ქართული კინოს ლეგენდა – ნატო ვაჩნაძე 1935 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, სილამაზით, შინაგანი ბუნებითა და ცხოვრების წესით გამორჩეული ქართველი მსახიობი განსაკუთრებული სიყვარულით გააცილა ქართველმა ხალხმა  უკანასკნელ გზაზე..“საკმარისია, ოდნავ ფიქრებს მივცე თავი, სადაც არ უნდა ვიყო, ისევ თვალწინ მიდგას და თითქმის შევიგრძნობ სოფლის ფერებს, გაზაფხულის გრილ ჰაერს, ზაფხულის დღეების მცხუნვარებას. როცა მრავალი წლის შემდეგ, კვლავ მოვხვდები ხოლმე მშობლიურ მიწა-წყალზე, ჩემს არსებაში მყისვე ცოცხლდება ის რიტმები, ხმები, სიმღერები, რითაც სავსე იყო ჩემი მოგონება მშობლიურ სოფელზე. თითქოს აქედან არასოდეს არ გავმგზავრებულვარ, მუდამ თან დამქონდა ეს უზარმაზარი ბუნება ყველგან, სადაც კი ცხოვრება გადამისვრიდა. მხატვარი რომ ვყოფილიყავი, დავხატავდი ჩემი სახლის აივნის წინ გადაშლილ ლამაზ სანახაობას.” ელდარ და გიორგი შენგელაიები – ნატო ვაჩნაძის ვაჟები – ცნობილი ქართველი რეჟისორები წლების შემდეგ იგონებდნენ დედას და იმ დღეს, როდესაც ქართული კინოს ულამაზესი ლეგენდა – მეუღლის – ნიკოლოზ შენგელაიას მშობლიურ სოფელ ობუჯთან ახლოს დაიღუპა…

გიორგი შენგელაია: „1953 წელს, ეს უდიდესი ტრაგედია თავს რომ დაგვატყდა, თხუთმეტნახევარი წლის ვიყავი. უმცროსი შვილი, დედას, ბუნებრივია, მეტად ვყავდი განებივრებული. ივნისი იყო (იმ დღეს თბილისშიც იყო ჭექა-ქუხილი). შემზარავად მახსოვს ის დღეები. დედა გაქრა… თვითმფრინავმა ჭექა-ქუხილში ვერ გაიარა და ჩამოვარდა… მამას სოფელთან ახლოს, ტყეში, მამა კი კახეთის გზაზე გარდაიცვალა. ეს თითქოს, სიმბოლური იყო… დედას პანაშვიდებზე აუარება ხალხი მოდიოდა… გალაკტიონი შემოვიდა, მოთქმით ტიროდა. მიცვალებულს შემოუარა და რატომღაც მე ჩამეკრა. ჩვენს ოჯახთან ახლოს არ იყო, მაგრამ, ეტყობა, იგრძნო, რომ მე ვიყავი უმცროსი და ყველაზე ცოდო, მე მომატირა… დედის გარდაცვალების შემდეგ ძმები მარტო ვცხოვრობდით და დამოუკიდებლად გავიკვლიეთ გზა…“

ელდარ შენგელაია: “საყოველთაო სიყვარულისა და პოპულარობის მიუხედავად, დედა უბრალო ადამიანად რჩებოდა. ცნობილი ადამიანი იყო და ბევრი ხალხი აკითხავდა სხვადასხვა სათხოვარით. იმ პერიოდში ბევრს ვერ გააკეთებდი, მაგრამ ცდილობდა, ყველას დახმარებოდა, რითაც შეეძლო. თავისი წიგნი “მოგონებანი და შეხვედრები” რომ გამოსცა, მაჩუქა, ასეთი შინაარსის წარწერით: თუ ყურადღებიანი იქნები ადამიანების მიმართ და ყოველთვის დაეხმარები, მხოლოდ მაშინ იქნები ბედნიერიო,დედას ასეთი ტრაგიკული წასვლა ჩემს გულში განსაკუთრებულ ტკივილად რჩება. მორწმუნე ვარ და ველი, რომ უფლის წყალობით იმქვეყნად შეხვდები ჩემს დედას, მამას, ბებიას, ბიძაჩემს, დეიდაჩემს… ჩემს შვილს. მჯერა, ადამიანი მხოლოდ ამ წუთისოფლისთვის არ არის გაჩენილი”…

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები