ლუკა მუშკუდიანი საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციას “Meta” შეუერთდება
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ლუკა მუშკუდიანი 2022 წლის მაისიდან 12 კვირიანი სასწავლო-სამუშაო პროგრამით უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციას “Meta” შეუერთდება. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.
“Meta” კორპორაცია მოიცავს ყველასთვის კარგად ნაცნობ სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს: Facebook, Instagram, Whatsapp.
ლუკა მუშკუდიანი კომაროვის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას Vanderbilt University-ში განაგრძობს კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.
„ლუკას პროგრამაში მოხვედრა მიზნად ჰქონდა დასახული, რადგან მისი აზრით პროფესიული განვითარებისთვის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გარდა, პრაქტიკული გამოცდილებაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
“მეტაში” განაცხადის შეტანა დამსაქმებლისთვის პორტფოლიოს გაგზავნით დაიწყო. მალევე, კომპანიამ ტექნიკური ინტერვიუ დაუნიშნა, რომლის მიზანიც ლუკას შესაძლებლობების შემოწმება იყო. ამ ინტერვიუსთვის რამდენიმე კვირა ემზადებოდა, რამაც შედეგი გამოიღო და რამდენიმე გასაუბრების შემდეგ დადებითი პასუხი მიიღო.
ლუკა კომპანია “მეტას” სათაო ოფისში, კალიფორნიაში, 12 კვირიან სასწავლო-სამუშაო პროგრამას გაივლის და მისი მენტორი “მეტას” მაღალი პოზიციის გამოცდილი ინჟინერი იქნება. ლუკას ასევე საშუალება აქვს აირჩიოს სასურველი მიმართულება და “მეტას” ტექნიკურ გუნდთან ერთად იმუშაოს.
კომაროვში სწავლის პერიოდში ლუკამ მათემატიკის წრეზე სიარული ადრევე დაიწყო, ხოლო მეათე კლასიდან საქართველოს მათემატიკის ნაკრების წევრი გახდა. მეთორმეტე კლასში კი საქართველოს ინფორმატიკის ნაკრებს შეუერთდა. ორივე მიმართულებით მოპოვებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიადის მედლები. როგორც ლუკა იხსენებს საერთაშორისო წარმატების მიღწევაში კომაროვის წრეებსა და მასწავლებლებს უდიდესი როლი მიუძღვით, ოლიმპიადებში მონაწილეობის გამოცდილებამ კი შემდგომი აკადემიური და პროფესიული წარმატება განაპირობა.
ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ლუკა ურჩევდა რომ დამოუკიდებლად (ინტერნეტიდან) ისწავლონ პროგრამირების სხვადასხვა სფერო, რადგანაც თითქმის ყველა სფეროში მოთხოვნადია. ასევე მეგობრებს, კომაროვის ამჟამინდელ თუ მომავალ მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილებიდან ურჩევს, რომ დაისახონ მიზანი, რადგანაც თავდაუზოგავი შრომის შემთხვევაში განვითარება გარდაუვალია“, – ნათქვამია სკოლა-პანსიონი კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.