ხელოვნების სასახლემ გრაფ ოლდენბურგის კოლექციიდან ნახატი შეიძინა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლემ მნიშვნელოვანი ექსპონატი დაიბრუნა.
ამჯერად, ხელოვნების სასახლემ შეიძინა ბრიტანული კომპანიის „Artsonline” მიერ შემოთავაზებული ნახატი, გრაფ ოლდენბურგის კოლექციიდან. ეს არის პორტრეტი სახელწოდებით ”A Fair Reflection”. – “ლამაზი ანარეკლი“.
„მხატვარი შარლ ლუი მიულერი, ის ვინც ლუვრი მოხატა და იყო ნაპოლეონ მესამის კარის მხატვარი. მისი ძვირფასი ტილო ოდესღაც ქართულ კოლექციაში ინახებოდა. როგორც აკაკი ჭანტურია წერს: „ მიულერი პირადად სცნობია დადიანების ოჯახს, ანდრიას ფრიად მოსწონებია ნახატი რადგან აქ დახატულის ქალის სახე ფრიად წააგავდა ქართველი ქალისას“… რა თქმა უნდა აქ ქართველი ქალი არაა დახატული, ეს უფრო მფლობელის ინტერპრეტაცია იყო… თუმცა მიულერს აღმოსავლური თემატიკა და აღმოსავლეთის ეშხიანი ქალები ძალიან მოსწონდა და მათ დიდ ადგილს უთმობდა საკუთარ შემოქმედებაში… ეს ძვირფასი ტილო დადიანებმა პარიზიდან ჩამოიტანეს, გრაფ ოლდენბურგის შემდეგ ხელოვნების სასახლეში ანდრია დადიანის კოლექციაში ინახებოდა (ანდრია ხომ ერთი პერიოდი ჩვენი სასახლის მკვიდრიც იყო)… შემდეგ იყო ბოლშევიზმი, ტერორი… დიდგვაროვნებმა ბევრი რამ ქვეყნიდან გაიტანეს ან უცხოეთში გაყიდეს თავის სარჩენად…. ასე იმოგზაურა ნახატმა ტფილისიდან კიევში და შემდეგ ლონდონში… რამდენიმე წლის წინ სოტბის აუქციონზე გამოჩნდა, ვეცადეთ და ვერ ვიყიდეთ… უკვე იმედი არც მქონდა რომ ოდესმე დავიბრუნებდით.. ბოლოს როცა კიდევ ერთხელ გამოანათა ინტერნეტ სივრცეში, სამინისტროს მივმართე და თანადგომა ვთხოვე, ბევრი ახსნა არ დამჭირვებია… მე-19 საუკუნის პორტრეტული ხელოვნების ეს შედევრი დღეს საქართველოშია…“. – ნათქვამია საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნამუშევარი განსაკუთრებული და ორიგინალურია. ზეთში შესრულებული პორტრეტი დახატულია მე-19 საუკუნის ოსტატის, ფრანგი მხატვრის შარლ-ლუი მიულერის მიერ (1815-1892). მიულერი იყო პორტრეტების ცნობილი მხატვარი და დეკორატორი, მეტსახელად მიულერ დე პარი. იგი ჯერ პარიზში სწავლობდა სახვითი ხელოვნების სკოლაში, ბარონ გროს კლასში, შემდეგ კი ლეონ კოგნიესთან გადაინაცვლა. მხატვარმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა 1834 წლის ფრანგ მხატვართა სალონში დაიწყო და ტრადიციას არ ღალატობდა 1892 წლამდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სალონ დენონის ჭერისა და ლუვრის „Salle des Etats“-ს დეკორაციები. შემდგომში მიულერი მუშაობდა არქიტექტორ ჰექტორ ლეფუელთან, ნაპოლეონ III-სთვის ახალი ლუვრის შესაქმნელად.