საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში ჩავიდა, სადაც ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. ფუტსალის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ამსტერდამის სხიპოლის საერთაშორისო აეროპორტში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია და საელჩოს თანამშრომლები დახვდნენ და ეროვნულ ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს. ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

2022 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი, ნიდერლანდებში, 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს საქართველოს ნაკრები ხრონინხენში ჩაატარებს. 22 იანვარს, ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანს დაუპირისპირდება, 26 იანვარს ბოსნია და ჰერცეგოვინას, ხოლო 29 იანვარს – ესპანეთს.

„ისტორიული მოვლენა მოახლოვდა ! 22 იანვარს ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩს ვითამაშებთ.

ჩვენი ნაკრებისთვის კონტინენტის პირველობაზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ გასამართი მატჩი რიგით 163-ე იქნება. ჩვენმა გუნდმა ამ დროის მანძილზე 68 მატჩი მოიგო და 493 გოლი გაიტანა“. – ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მატჩები მაყურებლების გარეშე ტარდება. პირდაპირი ვიდეო-სტრიმები ხელმისაწვდომია უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები