როგორ ვმართოთ ბიზნესი სწორად

მხოლოდ 1 წელია, რაც მარკეტინგული კომპანია „ქოლგა“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა ამ მცირე დროში „ქოლგამ“ შეძლო, საკუთარი თავი არა მხოლოდ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც გაეცნო. გამოწვევებით სავსე 1 წლის თავზე კომპანიის სახელი უკვე ათობით წარმატებულ ბიზნეს კონტრაქტს და არაერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს უკავშირდება.

როგორ დაეხმარა „ქოლგა“ ქართულ ბიზნესს პანდემიის პირობებში, როგორი იყო მისთვის განვლილი წელი და რა რჩევებს აძლევს კომპანიის გუნდი ბიზნეს სექტორს წარმატების მისაღწევად? გთავაზობთ ინტერვიუს „ქოლგას“ დამფუძნებელთან, პიარ სპეციალისტთან და მარკეტოლოგთან, ანა ჩანგიანთან.

-რა გამოწვევების წინაშე დააყენა გასულმა წელმა ბიზნესი და რა სირთულეები წარმოშვა პანდემიამ?

-უკვე 2 წელია, რაც პანდემიამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აღნიშნული პერიოდიდან პირველი 1 წელი ყველასთვის ქაოსური იყო, ადამიანები ჯიუტად ელოდნენ კოვიდ-19 ის დასრულებას და  ვერ ეგუებოდნენ აზრს, რომ პანდემია მოცემულობად უნდა მიეღოთ და მასთან ერთად თანაცხოვრება ესწავლათ.

საერთო ჯამში, ამ რეალობამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა სრულიად კაცობრიობა. განსაკუთრებულ სირთულეებზე დააფიქრა ბიზნესი, მისი მართვის ყველა მიმართულება და  მენეჯმენტი. განვითარებაზე ფიქრი სტაბილურობის შენარჩუნებამ ჩაანაცვლა, შესაბამისად, მნიშვნელოვანი გახდა ბიზნესის ყველა ინსტრუმენტის განახლება.

 ამ მოცემულობის მიღება ძალიან რთული აღმოჩნდა, განსაკუთებით – საქართველოში, სადაც  ყველანაირი სიახლის მიღება ისედაც არცთუ ისე მარტივია.

პიარის, მარკეტინგისა და ყველა იმ ინსტრუმენტის სპეციალისტები, რომელებიც გვაცნობენ და გვთავაზობენ ბიზნეს პროდუქტსა თუ მომსახურებას, ყველაზე პროდუქტიულ გამოსავალს დღეს უკვე ციფრულ მარკეტინგში და ონლაინ სივრცეში გეგმავენ.

-რამდენად შეძლო ბიზნესმა, ციფრული მარკეტინგისთვის აეწყო ფეხი?

საქართველოსთვის ციფრული მარკეტინგი ყველასთვის გასაგები და მარტივად აღსაქმელი სქემა არ გახლავთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენთან პიარი, მარკეტინგი და მსგავსი მიმართულებები ჯერ კიდევ განვითარებად საფეხურზეა. იშვიათად თუ ვხვდებით კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიით, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ. ქართულ ბიზნესში ყველაფერი ინდივიდუალურ ხედვებსა და უნარებზეა დამოკიდებული, შესაბამისად, როცა არსებული მიმართულებების არსი შესაბამისად არ გაქვს გააზრებული და ამას პანდემიის ფაქტორით გამოწვეული შეზღუდვები ემატება, ბიზნესისთვის ეს რთული დარტყმაა და შესაბამისი შედეგებიც დადგა.  ძალიან ბევრი კომპანიის მოგება შემცირდა, შემცირდა მათი თანამშრომლების რიცხვიც და ხშირ შემთხვევაში, საერთოდ დაიხურა კიდეც. ადაპტაციის პერიოდი ძალიან რთული აღმოჩნდა.

-არსებული გამოწვევების გადალახვის რა გზები მოძებნა „ქოლგამ“, რისი შეთავაზება შეძლო თქვენმა კომპანიამ ბიზნეს სექტორისთვის და რატომ გადაწყვიტეთ ბაზარზე გამოჩენა სწორედ მაშინ, როდესაც ეს სფერო თავდაყირა დადგა?

-დიახ, ზუსტად ამ პერიოდში ჩამოყალიბდა კომპანია „ქოლგა“, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა გახდა. ჩვენ გსურდა, ამ სექტორისთვის ისეთი მზა რეცეპტების მიცემა, რომლებიც მათ რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარებოდა და კარგ შედეგებზე გაიყვანდა. ეს არის სეგმენტი, სადაც ადამიანები ხშირად თვითდასაქმებულები არიან და არ აქვთ ფინანსური რესურსი პიარის უზრუნველსაყოფად. მათ არ შეუძლიათ სწორად დასახონ მარკეტინგული შეთავაზებები და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია დაამყარონ. ამიტომაც გადავწყვიტეთ,  შეგვექმნა მომსახურების კონკრეტული პაკეტები, რომლებიც მათთვის გაცილებით შეღავათიანი და ამავდროულად, ეფექტური იქნებოდა.

კომპანია „ქოლგასთვის“ პირველი 3 თვე  ერთგვარი სატესტო პერიოდი იყო. კვლევები, ანალიზი, დაკვირვება… ეს იყო პერიოდი, როდესაც მთელი რესურსი ჩვენ მიერ შექმნილი მომსახურებების გაძლიერებაში ჩავდეთ და პროცესში სრული ჩართულობით ვაკვირდებოდით, რა შედეგს მივცემდით დამკვეთს. სამი თვის მანძილზე 37-ზე მეტი კონტრაქტი გავაფორმეთ. ყველა მათგანი 1-თვიანი იყო, რადგან გვსურდა, თანამშრომლობა „დაგვეტესტა“. ჩვენი პაკეტები მხოლოდ პიარისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებას მოიცავდა. მოლოდინმა გაამართლა. პირველი 1-თვიანი თანამშრომლობის შემდეგ, თითქმის, ყველა კომპანიამ გამოთქვა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი. ამის შემდეგ უკვე 3-თვიანი, 6-თვიანი და სხვა პაკეტების შეთავაზება დავიწყეთ.

ასე დაიწყო „ქოლგას“ ისტორია. ძალიან გვიხაროდა, რომ ჩვენს შემდგომ პაკეტებში, პიარის მიმართულების გარდა, გაყიდვების გაძლიერება დავიწყეთ და მარკეტინგული შეთავაზებები დავამატეთ. ასევე, აქტიურად დავიწყეთ კომპანიების პოპულარიზაცია ნდობისა და ცნობადობის ასამაღლებლად. რომ შევაჯამოთ, ამ პერიოდში საკმაოდ საინტერესო აღმოჩენები გავაკეთეთ.  ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აღმოვაჩინეთ, ისაა, რომ ამ სექტორში ადამიანებს, ძირითადად, არ გააჩნიათ პიარის, მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგის, პერსონალური ბრენდინგისა თუ ვიზუალიზაციის ფუნდამენტური აღქმა, თუ რას ნიშნავს ეს მომსახურება და რამდენად მნიშვნელოვანია ის ბიზნესისთვის. ამ მიმართულებით, ჩემი გუნდი წელს ძალიან აქტიურად იმუშავებს.  ვგეგმავთ არა მხოლოდ საინფორმაციო ტრენინგებს და მასტერკლასებს, არამედ ბიზნეს სექტორის ამ სეგმენტის მმართველების ჩართვას აღნიშნულ სამუშაო პროცესში, რათა ზუსტად ვაჩვენო მათ, თუ რატომ არის საჭირო მარკეტინგისა და  პიარის გაძლიერება ბიზნესის წარმატებისთვის.

-რა რჩევები აქვს „ქოლგას“ გუნდს  იმ მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორისთვის, რომელიც თქვენს სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს და რას ნიშნავს ბიზნესის სწორად მართვა?

-თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ „ქოლგა“ დღეს 4 მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს აერთიანებს, რომლებიც პიარის, მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებებით ვცდილობთ, მმართველებს ბიზნესის განვითარებისა და წარმატებისთვის საჭირო რჩევები მივცეთ.

  • ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც ბიზნეს სექტორის ყველა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, არის ის, რომ იმ პროდუქტსა თუ მომსახურებას, რომელსაც ისინი ქმნიან, სასიცოცხლოდ სჭირდება წარდგენა და მარკეტინგული შეფუთვა. ეს ორი კომპონენტი საქმიანობის ყველა ეტაპზე საჭიროა, ამიტომ აუცილებელია, სწორად დასახოთ პიარ სტრატეგია და მარკეტინგული შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ბიზნესის შესახებ მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ.
  • პერსონალური ბრენდინგი – ბრენდის მიმართ ნდობა და სასურველი იმიჯი დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დგას პიროვნებებზე. იმაზე, თუ ვინ ქმნის პროდუქციას ან მომსახურებას და ვინ არის ეს ადამიანი. შესაბამისად, პერსონალური ბრენდინგი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.  კომპანიის ცნობადობის გაზრდა, პერსონალური კომპონენტის გარეშე, გაცილებით მეტი დროს, ფინანსებს და ენერგია მოითხოვს, რადგან რთულია, საზოგადოებას ეს ე.წ. უსულო საგნის მიმართ გაუჩინო ემოცია. პერსონალური ბრენდინგის შედეგად კი, საზოგადოებას კონკრეტულ ბრენდს კონკრეტული ადამიანი აცნობს,  რომელიც ამაყობს საკუთარი შრომის შედეგად მიღებული პროდუქტით. ასე რომ, გირჩევთ აქტიურად დაკავდეთ პერსონალური ბრენდინგით.
  • მომხმარებელი – ვისთვის ვქმნით პროდუქციას? – ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვაა. ბიზნესის ყველა წარმომადგენელს ვურჩევთ, საკუთარ მომხმარებელს მოექცეს ისე, როგორც თვითონ უნდა, რომ მოექცნენ. აბსოლუტურად ყველაფერს მომხმარებლის თვალით უნდა შეხედოთ: თავად თუ შეიძენდით თქვენს პროდუქტს? თავად თუ მოგეწონებოდათ, როგორც მომხმარებელს? – ეს აუცილებელი ფაქტორია ბიზნესის ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რა ღირს შენი პროდუქტი, ეს წესი ყოველთვის უნდა დაიცვა.
  • კარგი მმართველი – მორიგი კომპონენტი, რომლის გარეშეც წარმატებული ბიზნესი არ იქმნება. ის, რომ შენ კომპანიის მმართველი ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. კარგი მენეჯერი ყველაზე  და ყველაფერზე ზრუნავს. მისი პირველი გამარჯვება თანამშრომლებში კომპანიის მიმართ ემოციური კონტაქტის გაჩენაა. თუ თანამშრომელს უყვარს კომპანია და საქმეს სიყვარულით აკეთებს, მის მიერ შექმნილ პროდუქტს მომხმარებელიც შეიყვარებს. შეიძლება, კომპანიის მმართველის თანამდებობა კარგად ჟღერდეს, თუმცა ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობისთვის მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია.
  • კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სოციალური პასუხისმგებლობაა. კომპანიას, რომელსაც არ აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ უჭირავს ხელი საზოგადოების პულსზე, არ იცის, რა სჭირდება მის მომხმარებელს, რა უხარია, რა აწუხებს და რითი შეუძლია მას, გახდეს ადამიანებისთვის სასარგებლო, არ არის შემდგარი და განვითარებაზე ორიენტირებული. საზოგადოებაში ადაპტაცია და სოციალური პასუხისმგებლობა აუცილებელი პირობაა, რადგან ყველა კომპანია იქმნება სოციუმში და სოციუმისთვის. ამ სოციუმს კი, თავის მხრივ, კონკრეტული პროდუქტის შეთავაზების გარდა, დახმარება და გაძლიერება სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები