სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის მფლობელია
გუშინ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპი ხმლით ფარიკაობაში, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა.
შეჯიბრების პირველ დღეს ინდივიდუალური მედლები გათამაშდა ქალთა და კაცთა შორის. კაცთა შეჯიბრებაში 188 სპორტსმენი ჩაება, მათ შორის – საქართველოს 13 წარმომადგენელი.
შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ორგზის ოლიმპიელმა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეოთხეადგილოსანმა სანდრო ბაზაძემ. მან უმეტესი ბრძოლა დიდი უპირატესობით მოიგო, ფინალში კი 15:8 დაამარცხა რუსი კამილ იბრაგიმოვი და მსოფლიოს თასს დაეუფლა. ბრინჯაოს მედლები ერგოთ სამხრეთ კორეელ და ფრანგ მოფარიკავეებს.
ეს ისტორიული გამარჯვებაა, ვინაიდან სანდრო ბაზაძე არის პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც მსოფლიო თასის გათამაშება მოიგო.
დღეს გაიმართება ხმლით მოფარიკავეთა გუნდური შეჯიბრება.