მოგონებები “მაგდანას ლურჯას” გადაღებებიდან – „ეს როლი უმაღლესი მიღწევაა ჩემს შემოქმედებაში“…

ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის “მაგდანას ლურჯა” მიხედვით 1955 წელს რეჟისორებმა თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ ფილმი გადაიღეს – ქვრივი მაგდანასა და მისი ობლების შესახებ სევდიანი ამბავი განსაკუთრებით შეიყვარა მაყურებელმა.  ქართული კინოს პირველი დიდი საერთაშორისო აღიარება სწორედ „მაგდანას ლურჯას” სახელს უკავშირდება, ფილმმა 1956 წელს კანის IX საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი “ოქროს პალმის რტო” და ედინბურგის X საერთაშორისო ფესტივალის პირველი პრემია მიიღო.“მაგდანას ლურჯა” კანის ფესტივალზე დილით აჩვენეს, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ საღამოსაც გაიმეორეს. ფილმის წარმატებას ჩვენთან ერთგვარი გაკვირვება მოჰყვა. კონსტანტინე გამსახურდიამ იხუმრა, ევროპაში ვირებით გავედითო…” – მზია მახვილაძის მოგონებებიდან

აკაკი ვასაძე (მამასახლისი): – დიდი ხანია მას შემდეგ, რაც კინოში როლის შესრულების პროცესში ასეთი შემოქმედებითი კმაყოფილება არ მიგრძნია. ყოველი კადრი, ეპიზოდი, სადაც კი მე ვმონაწილეობდი, სწორად და ზუსტად განმარტეს რეჟისორებმა. ისინი ყოველთვის ნათლად, კონკრეტულად სახავდნენ ამოცანას. ეს კი მოგეხსენებათ, მსახიობისათვის აუცილებელი რამ არის. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მიზანსცენას დაგვიწუნებდნენ, დაწუნებას ისევე ნათლად და კონკრეტულად გვისაბუთებდნენ, როგორც მოწონებას. შემოქმედებითად დაუმტკიცო მსახიობს მის მიერ შესრულებული სცენის ავკარგიანობა, ეს უკვე თავისთავად რეჟისორული ოსტატობის მაჩვენებელია. ჩემის აზრით, კინოხელოვნებას ორგანული კავშირი აქვს თეატრალურთან. კინორეჟისორი ისევე კარგად უნდა ფლობდეს მსახიობთან მუშაობის ხერხებს, როგორც თეატრალური რეჟისორი.

დუდუხანა წეროძე (მაგდანა): – თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ ჩემთან მუშაობა ჯერ კიდევ სასინჯი გადაღების დროს დაიწყეს. რეჟისორების თეორიულ მომზადებაში იმთავითვე დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ არ მეგონა, თუ ისინი ასე კარგად, ღრმად იცნობდნენ ცხოვრებას, მით უმეტეს, წარსულსა და შორეულს. თუ მათ ფხიზელ თვალს არ გამოეპარებოდა მცირეოდენი დეტალი, რომელიც ოდნავ მაინც გააყალბებდა სინამდვილეს.დაიწყო რეპეტიციები, გადაღება. შეიქმნა ნამდვილი შემოქმედებითი ატმოსფერო. რეპეტიციებიც, გადაღების პროცესიც, თავისუფალი დროც – ეს იყო ინტენსიური შემოქმედებითი კამათი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო როლის ყოველი მონაკვეთი, მიზანსცენა, ყოველი ფრაზა. ეს კამათი არკვევდა, წმენდდა, ხვეწდა, აკრისტალებდა ჩემი მაგდანას სახეს. ამ კამათში ყოველთვის იგრძნობოდა გულისხმიერი ურთიერთდამოკიდებულება რეჟისორებს და მსახიობებს შორის. რაც მეტი იყო ასეთი შემოქმედებითი კამათი, მით უფრო რეალური ხდებოდა მაგდანა, უფრო ღრმად ვგრძნობდი სახეს, მის ხასიათს. დიდი დახმარება გამიწიეს რეჟისორებმა, რომ ჩემი თამაში ყველა ეპიზოდში ყოფილიყო თანაბარი, რომ მცირე ეპიზოდებიდან ამომერჩია საუკეთესო აქტიორული ვარიანტები, ემოციურად დამეკავშირებინა ისინი ურთიერთისათვის და შემექმნა დატანჯული, უბედური ქართველი დედის ნამდვილი სახე. ეს როლი უმაღლესი მიღწევაა მთელ ჩემს შემოქმედებაში.

სცენარის ავტორი: კარლო გოგოძე, ეკატერინე გაბაშვილის “მაგდანას ლურჯას” მიხედვით; ოპერატორები: ლევ სუხოვი, ალექსანდრე დიღმელოვი; მხატვარი: იოსებ სუმბათაშვილი; კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე; ხმა: რაფიელ კეზელი; მონტაჟი: ვასილ დოლენკო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები