ვიდეობლოგის სტუმარი იტალიაში მოღვაწე ცნობილი საოპერო მომღერალი ნინო ლეჟავაა. ის ქალაქ პეზაროში „რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს” სახელობის საოპერო მომღერლების საერთაშორისო აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი და საქართველოში ქართულ-იტალიური კლასიკური მუსიკის აკადემიის დამფუძნებელია.
პირველი შეხება სცენასა და მაყურებელთან ნინო ლეჟავას 3 წლის ასაკში ჰქონდა. შემდეგ იყო ნიჭიერთა ათწლედი და კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული ათწლედი. მოგვიანებით კი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 23 წლის ასაკში თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი გახდა. ის 7 წლის განმავლობაში წამყვანი სოლისტი იყო. ახალგაზრდა სოპრანომ საქართველო 2011 წელს დატოვა და ევროპაში გაემგზავრა. მალევე იტალიაში მაესტრო მარიო მელანის შეხვდა. პირველივე მოსმენაზე ნინომ მაღალი შეფასება მიიღო ბელკანტოს „მამად“ წოდებული მაესტროსგან. პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემიის რექტორმა ერთწლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ, აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზა და აკადემიაში თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. ამ დროის მანძილზე, ნინომ ბევრ საინტერესო კონცერტსა და სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, თუმცა განსაკუთრებით ეამაყება ყველა ის პროექტი, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ნინომ პარტნიორებთან ერთად, საქართველოში პირველ ქართულ-იტალიური კლასიკური მუსიკის აკადემიას ჩაუყარა საფუძველი, სადაც სწავლება იტალიის აკადემიის სასწავლო გეგმის მიხედვით მიდის.
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ქართველ მომღერალს არც სოლო კარიერაზე უთქვამს უარი. წარმატებით აგრძელებს ამ მიმართულებითაც მოღვაწეობას. თუ როგორ ეხმარება ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაში და როგორ უწევს პოპულარიზაციას ქართულ მუსიკალურ კულტურას უცხოეთში – ნახეთ ვიდეო ინტერვიუ.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"