„ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი… და ესე იყო თქვენდა სასწაულად“

“ყოვლადმოწყალე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა” წერს დიდი ილია ჭავჭავაძე, დღეს მაცხოვრის შობის დღესასწაულია, დღე სიკეთისა, მოწყალებისა და ბედნიერებისა…

„იშვა ქრისტე, იშვა იგი, რომელმან ნათელ-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ არს დედათა შორის. იშვა იგი, რომელიც, როგორც იოანე მახარობელი ამბობს, – „დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა… რამეთუ რჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესოს მიერ იქმნა… რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რათა დასაჯოს სოფელი, არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“. იშვა იგი, რომლის გამო სთქვა იოანე წინამორბედმავე: „აჰა ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი! ესე არს, რომელისათვის იგი ვსთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელიც პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს“.

„ნუ გეშინინ, – ახარებს ქვეყანას ანგელოზი: – ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი… და ესე იყო თქვენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და მწოლარე ბაგასა“.

რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახლის აღთქმისა, რომელმან უნდა „აღიხვნას ცოდვანი სოფლისანი“. ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, – მოვედინ, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენოთ თქვენ“, ღმერთი, რომელმანც უნდა ნათელ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა ვითა ღარიბი ღარიბ საფარ ქვეშ და არის „შეხვეული და მწოლარე ბაგასა“… მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარი აღმოსავლეთით და იგი დაჰნათის ზედ ადგილსა მას შობისასა ნიშნად მისად თუ, – რა სხივოსანი მადლი მოეფინა ქვეყანას დედისაგან, რომელიც ამიტომ „კურთხეულ არს დედათა შორის: „ყრმა-ღმერთი „შეხვეული და მწოლარე ბაგასა“, არისღა სადმე სხვა ხატი, რომ დიდებამ ასე ადიდოს სიღარიბე და სიღარიბემ ასე ადიდოს დიდება: ყველაზედ უწინარეს ამ ხატითა უთქვა შობისავე უმალ იგი თავდაბლობა კაცთმოყვარე ქრისტე-ღმერთისა, რომელმაც მერე გააოცა ცუდმედიდობით გარყვნილი ძველი ქვეყანა.

იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელის საძირკველი „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“ და ამის მაგიერ შთაუდგა „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ და ამაზედ ხელახლად დაადგინა დასარღვევად გამზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერც ჟამი და ვერც დრო ვერ შეჰმუსრავს და ვერ შეარყევს. ამ კლდეს ზედ დაანთხია მან თავისი ღვთაებრივი სისხლი და ზედ მოვლინებული, კაცმავე ჯვარს აცვა და ჯვარცმული მაინც ჯვართმცმელთათვის ჰღაღადებდა ღვთისა მიმართ: ღმერთო, შეუნდევ, რამეთუ არა უწყიან რას იქმნან; აი რა სულგრძელი, რა კაცთმოყვარე, რა ყოვლადმოწყალე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.

მას აქეთია აღსდგა ქვეყანა ახალის აღთქმისა, ახალი ცხოვრებისათვის. მას აქეთ შეაფარა კაცმა თავი თვისი ღმერთსა სიყვარულისას, მშვიდობისას, მოწყალებისას და შენდობისას. განახლდა კაცი და დღეს განახლებულს კაცს ძალუძს სასოებით სთქვას: „შენ ხელახლად შემქმენ მე, ქრისტე-ღმერთო, და დამდევ ჩემზედა ხელი შენი… შენ სცან დაჯდომაი ჩემი და აღდგომაი ჩემი. ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკვლიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინასწარ იხილენ… საკვირველ იქმნა ცნობა შენი ჩემგან, განძლიერდა და ვერ შეუძლო მას, შენ ხარ ხსნა ჩემი, შენი მოძღვრება – მაცხოვარ ჩემდა, და ვეღარსად განვერინო სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვეღარსად ვივლტოდე: აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ უნ ხარ. შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ: აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, – და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდეს მე და მარჯვენემან შენმან შემიწყნაროს მე“.

1886 წ. 24 დეკემბერი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები