ფილადელფიაში, დავით ღვინიანიძის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში მომღერლის კონცერტი გაიმართა
დავით ღვინიანიძემ არნო ბაბაჯანიანის რეპერტუარი გააცოცხლა – უდიდესი კომპოზიტორის დაბადებიდან ასი წელი გავიდა. დავით ღვინიანიძემ მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორის, პიანისტისა და სახალხო არტისტის არნო ბაბაჯანიანის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სოლო კონცერტი გამართა.
არნო ბაბაჯანიანის შემოქმედება მსოფლიო მუსიკალური კულტურის ნაწილია. მისი “გმირული ბალადა”, მუსიკა კინოფილმებისთვის, კონცერტები ვიოლინოსა და ვიოლენჩელოსთვის, პოემა- რაფსოდია სიმფონიური ორკესტრისთვის და პოპულარული სიმღერები კომპოზიტორის შემოქმედების უმთავრესი ნაწარმოებებია.
დავით ღვინიანიძე, გამორჩეული ტემბრის მქონე ქართველი ბარიტონი განსაკუთრებული ემოციით ასრულებს მის სიმღერებს. კონცერტი ფილადელფიაში გაიმართა და მაყურებლის ოვაცია და მოწონება დაიმსახურა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, გამოჩენილი კომპოზიტორების შემოქმედება კიდევ არაერთხელ გაცოცხლდება დავით ღვინიანიძის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში და მონატრებულ მსმენელს თავს შეახსენებს.
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ბარიტონი დავით ღვინიანიძე საქველმოქმედო ფონდის “მსოფლიო ტალანტები“ დამფუძნებელი, პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელია. მის სახელს უკავშირდება კონკურსი “გზა კარნეგი ჰოლისკენ“, ასევე ცოტა ხნის წინ მან “დავით ღვინიანიძის სახელობის ვოკალური აკადემიაც“ დააარსა.