საქართველო ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE ) კონფერენციას უმასპინძლებს
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 წლიური კონფერენცია, 2022 წლის 24-28 აგვისტოს, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართება.
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია აერთიანებს ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმოდაგნელებს, ეკონომისტებსა და მკვლევარებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკურ კვლევებსა და ანალიზებს, მათ შორის: მარკეტინგის, მოხმარების, წარმოების, მაკროეკონომიკისა და იურიდიულ თემებს, ასევე რეცენზიების მომზადებას მევენახეობასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტზე.აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ღვინის ინდუსტრიის შესახებ მიმოხილვებს, კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.
AAWE-ის წლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანას, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.AAWE -ის მე-13 წლიური კონფერენცია, პანდემიამდე, 2019 წელს, ვენაში გაიმართა.