ავიაკომპანია Turkish Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის
ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ოპერირების სიხშირეს ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, 2022 წლის 2 იანვრიდან, სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე დაემატა 4 სიხშირე და რეგულარული რეისები განხორციელდება კვირაში 25 სიხშირით, ხოლო სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე, 8 იანვრიდან დაემატება 1 სიხშირე და ფრენები შესრულდება კვირაში ხუთჯერ. აღნიშნული განრიგით ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 მარტი, 2022წ.) გეგმავს ოპერირებას.
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Turkish Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 22 დეკემბერს მიენიჭა.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.” აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.