„მანამ ძველი სახარებები არ დაიბეჭდება, ქართული ენის გამოკვლევაც ვერ წავა კარგა..“ ექვთიმეს წერილებიდან

ვედრო ძველი; ტაფა ძირგახვრეტილი; თეფში 1 .. ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილის ქონების აღწერა – პარიზი, ლევილი, 1926 წელი. დოკუმენტი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. ასე ცხოვრობდა საფრანგეთში ქართული საგანძურის მცველი კაცი, რომელიც მთელი ქვეყნის ქონებას გამალებით იცავდა და ინახავდა…1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს განძით დატვრითული ამერიკული თვითმფრინავით თბილისში დაბრუნდა.1952 წლის დასაწყისში საბჭოთა რეჟიმმა ის უნივერსიტეტიდან გაათავისუფლა „საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო“ მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში, გულის დამბლის შედეგად გარდაიცვალა, ის უკანასკნელ გზაზე მხოლოდ ორმოცდარვა ადამიანმა გააცილა….

5 იანვარი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა, “ქართული კვირა” გთავაზობთ ექვთიმე თაყაიშვილს წერილს ნიკო მარისადმი.

“ს ა ყ ვ ა რ ე ლ ო  ძ მ ა ო  ნ ი კ ო!

სტორეთ დანაშაული ვარ, რომ ამდენხანს წერილი ვერ მოგწერე. ეხლა გრიგორ გურიელი ვნახე აქ, მკითხა შენი ამბავი, თუ გაჭივრებაში არ არის მატერიალურის მხრითო, მე უთხარი: 25 მანათის ამარა კაცი პეტერბურგში შევიწროებული იქნება, რა-ღა ლაპარაკი უნდა მეთქი. ეს 25 მანათი გადმომცა შენდა გამოსაგზავნათ და დაუყოვნებლივ გიგზავნი. ისთე, სულ შენს ქებაშია გრიგორი, ძრიელ ღარიბადთ ვარო, თვარა ამდენხანს გავუგზავნიდიო, თუ მოხერხება მექნა, მერმეც გავუგზავნიო ფულებს, -მითხრა მან. ჩემს ამბავს თუ იკითხავ, ეხლა გვარიანათ ვარ, მხოლოთ ეგ თვე ნახევარი ძლიერ ავად ვიყავი ცივებით. ისთე საზოგადოდ, სტუდენტურათ ვცხოვრობ აქ და ცოტ-ცოტა ვალებს ვიხთი, ასთე რომ მომავალი წლისთვის ვფიქრობ სულ მოვიშორო ვალები. ცოტცოტა ისტორიის მასალას აქაც უყრი თავს შენი შრომა რათ დაბოლავდა ვერცხლის მენდალით? ცაგარელმა გაარჩია მარტო თუ სხვამაც, მომწერე თუ ძმა ხარ, ამასთანავე გთხოვ დაწვრილებით მომწერო რას აპირებ გათავების შემდეგ, მოხვალ აქ, როგორც დამპირდი და შეუდგები ჩვენ განზრახულ საქმეს, თუ ფიქრობ მაქ დარჩენას, ან რა ქენი და როგორ მოილაპარაკე ჩუბინოვთან სერებრიაკოვის ადგილზე? ყველა ესენი ჩემთვის ძლიერ საჭიროა ვიცოდე: თუ შენ არ მოხვალ აქ მაშ ვინ მე სხვა გზას დავადგები. პირველათ, რასაკვირველია, ქართული გამოცემები ლუკმა პურს არ მოგვცემს და იძულებული ვიქნებით სხვა რამე კერძო სამსახურით ვირჩინოთ თავი, მაგრამ მერმე და მერმე, ეჭვი არ არის, გაიზრდება მე იმედი მაქვს, რომ თუ ხეირიანათ დავაყენეთ ჩვენში ბეჭდვის საქმე და მასთან თავის ორგანოც გვექნება, გაზეთი იქნება თუ ჟურნალი, საქმე კარგად წავა. მანამ ძველი ტექსტები არ აღიდგინება და ძველის ძველი სახარებები არ დაიბეჭდება, ქართული ენის გამოკვლევაც ვერ წავა კარგა. მე, ეხლა მენგრელსკის ბიბლიოტეკის „ქართლის ცხოვრების’’ ვარიანტს უდრი ნაბეჭდ „ქართლის ცხოვრებას’’ და ბევრი რამ საინტერესო განსხვავება არის. ქართლის ცხოვრებაც ერთი უძველესი მწერლობის ნაშთია და მისი ნამდვილი ტექსტის აღდგენა მიუცილებელი საჭიროა როგორც ისტორიისათვის, ეგრე ლინგვისტიური გამოკვლევისათვის. ამას გარდა თეიმურაზის „სარკე თქმულთა’’- [ს] ვამზადებთ გამოსაცემათ და ეგრეთ წოდებულ კომისიაში მეც ურევივარ, მაგრამ ვერ დავაჯერე სხვები, რომ ყველა ვარიანტები შეგვეტანა შენიშვნებში, ასთე რომ ეგ ჩვეულებრივი აქოური გამოცემა იქნება; სწორეთ გითხრა ვერაფერი შვილია პირველი ნაწილი „სარკეთქმულთა’’-სი, მეორეს კიდევ აქვს ინტერესი, რადგან ბევრი ენტოგრაფიური ფაქტებია შით. ჩვენ სამი დედანი გვაქვს ორი მეცხრამეტე საუკუნის და ერთი უფრო ძველი, მაგრამ არა სჩანს რომელ დროს ეკუთვნის. იქნება მაქ იყოს ღირსშესანიშნავი ვარიანტები და მომწერე, თუ ძმა ხარ, რა ღირსების არიან და რომელ დროს ეკუთვნიან. თუ შენ კანიკულების წინ აქ წამოსვლას დააპირებ, მომწერე და მე მოგწერ სად გაგიმზადებ ბინას, რომ პირდაპირ ჩემთან მოხვიდე. ძლიერ სიცხე იცის ამ თფილისში, თვარა გაკვეთილებს ბევრს ვიშოვიდით აქ კანიკულებისთვის. კურსი როდესაც გაათავო, პრაგონი მაშინათე ითხოვე პეტერბურგიდგან ოზურგეთამდის (до места родины) და ერთი 146 მანათი მოგიწევს, რომელიც ცოთა სულს მოგათქმიებს, მაგრამ მაქ არ გამოგიგზავნიან აქ უნდა ეცადო. ყველა ჩვენი სტუდენტები უადგილოთ არიან, არაფერ დაწესებულებაში ადგილი არ არის ასთე წარმოიდგინეთ მედიკებიც უადგილოთ არიან. გოცირიძე იყო აქ მეორეთ, მაგრამ ვერსად ადგილი ვერ იშოვა, ამდენხანს აქციზში იყო ადგილები და ეხლა არც იქ არის. გურიელი რას შობა მაქ რათ არ მოდის, აქ კარგი ხანია ელოდენ. მომიკითხე თუ ნახო და თხოვე ჩემ მაგიერ ფილოლოგების გრუპპა აიღოს ჩემი, ფული მიცემულია და კვიტანცია დამეკარგა, იქნება მისცენ უკვიტანციოთ. ერთი სათხოვარი კიდევ მაქვს შენთან: როდესაც მომწერეს დისერტაცია დამტკიცებული არისო, მე ფული 6 მანათი და თხოვნა გამო[ვ]გზავნე, რომ დიპლომი გამოეგზავნათ და ჯერეც არ მიმიღია შემიტყვე სეკრეტართან მიზეზი რა არის, რომ არ მიგზავნიან ან თუ გამოგზავნეს სად გამოგზავნეს. ფული და თხოვნა დეკემბერში გამოვგზავნე.

სხვა, ჩემო ნიკო, შენი ამბვები ყველაფერი მომწერე. აქ არაფერი არ არის ახალი, გურიაში ჯერე მეც არ ვყოფილვარ, ამ სააღდგომოთ მინდოდა წასვლა მაგრამ ავათყოფობის გამო ვერ წავედი: აქ ხელმწიფეს მოელიან და ამთავით ემზადებიან მიღებას და სათხოვრების მზადებას. პირველათ რომ წერილი მოგწერე, მაშვინ გთხოვდი ბროსეს ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის ფასის შეტყობას და ცაგარელის მოგზაურობის (რომელიც ჩემსობას იბეჭდებოდა) გამოგზავნას ეხლა ბროსეს ბიბლიოგრაფია ვიშოვე აქ, მხოლოთ ცაგარელის შრომა არ მინახავს და გაახსენე ჩემ მაგიერ, დამპირდა მოგცემო და თუ მოგცეს, გამომიგზავნე თვარა მომწერე რა ღირს იქნება მას აღარ ქონდეს რადგან სხვის ხარჯით გამოიცა.

სხვაფრივ მშვიდობით,  შ ე ნ ი  ძ მ ა  ე ქ თ ი მ ე  თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი”

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები