ეროვნულ არქივში მარო თარხნიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილის დაბადებიდან 130 წლის იუბილე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში გამოფენითა და წიგნის პრეზენტაციით აღინიშნა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მარო თარხნიშვილის პირად ფონდში დაცული მასალა – მისი მოგონებები, წერილები, ფოტოები, საკონცერტო აფიშები და პროგრამები, შემოქმედებით თუ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

„ღონისძიებაზე მკითხველს წარედგინა „მარო თარხნიშვილის მოგონებების“ მეორე გამოცემა. მოგონებები ‪1909-1968 წლებს მოიცავს. მემუარების ავტორი საინტერესო ამბებს გვიყვება საქართველოს სამი პერიოდის – მეფის რუსეთის დროინდელი, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა დროის – შესახებ. წიგნი გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო ნინო ბადაშვილმა“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა 2022 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები